სიახლეები

„რა ყოფილა გურია“- ოზურგეთში გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს

2017-02-15 17:17:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“, ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია და გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში დღეს ოზურგეთში სასტუმრო „სემის“ საკონფერენციო დარბაზში კონფერენცია ჩატარდა. გაიმართა მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია, რომელზეც დატანილია ინფორმაცია გურიის ტურისტული ძეგლებისა და რეგიონში არსებული ტურისტული სერვისების შესახებ. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: შესრულებული სამუშაოები და საჭიროებები, პროექტის მონაწილე მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. შეხვედრაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ოთარ კონჯარიამ გურიაში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფცია გააჟღერა. როგორც ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის წარმომადგენელმა მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა დეპარტამენტის მხარდაჭერით დაიგეგმა ტრენინგები, შეიქმნა PR პროდუქტები და შემუშავდა გურიის რეგიონის ტურისტული რუკა. შეხვედრას ესწრებოდნენ გურის მხარისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები და ადგილობრივი მეწარმეები.