სიახლეები

ოზურგეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს

2017-03-04 07:11:00

ოზურგეთში რაგბის სფეროში მიმდინარე პროცესების გასაცნობად იმყოფებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ვიცე-პრეზიდენტი და დასავლეთ საქართველოს რაგბის კოორდინატორი გაიოზ მონიავა, რაგბის კავშირის გამგეობის წევრი გია კობახიძე და რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი ზაზა ლეჟავა. სტუმრებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბი ,,არწივები“ მოინახულეს და ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ. მოგვიანებით კი სასტუმრო „სემის“ საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ადგილობრივ დონეზე რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი-ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და სარაგბო კლუბ „არწივების“ წარმომადგენლები. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სარაგბო კლუბ „არწივების“ დღევანდელი მდგომარეობა დადებითად შეაფასა და ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული კლუბის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად ოზურგეთის რაგბის ისტორიაში, ქალაქის მერიის მიერ სარაგბო კლუბი ,,არწივების“ დაფინანსება 80 000 ლარით გაიზარდა. ასევე, ქალაქის მერის ინიციატივით, მორაგბეებს ხელფასები პირველად დაენიშნათ. შეხვედრაზე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე სარაგბო კლუბ “არწივების“ საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს და სიგელი გადასცეს.