სიახლეები

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის „მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2017-03-31 18:09:00

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის „მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია/გეგმის შესაბამისად მუნიციპალიტეტების ფუნქცია-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის თაობაზე მიიღეს ინფორმაცია, ასევე, განიხილეს სხვადასხვა რეგიონების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გამოცდილებაც. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე , გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. პროექტი „მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ორიენტირებულია გურიის რეგიონში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე, მათ გააქტიურებასა და ჩართულობის გაზრდაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პროექტის უმთავრესი მიზანია გურიის მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის სისტემების ჩამოყალიბება/გაუმჯობესების ხელშეწყობა. კერძოდ, ნარჩენების მართვის 5 წლიანი მუნიციპალური გეგმების შემუშავებაში ექსპერტული დახმარების გაწევა და ტრენინგების ჩატარება შემდგომში გეგმის ეფექტიანად განხორციელებაზე. პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში უკვე შედგა მრავალი სამუშაო შეხვედრა (ქ. ოზურგეთის მერიაში და მუნიციპალიტეტებში შეიქმნა ადგილობრივი სამუშაო ჯგუფები), ადგილობრივი კოორდინატორებისა და პროექტის ექსპერტების მიერ შეგროვდა საბაზისო ინფორმაცია, რომელიც დამუშავდა პროექტის ექსპერტების მიერ. პროექტი “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” მიერ გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.