სიახლეები

დაბა ნასაკირალში აბიტურიენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართა

2017-04-10 09:16:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში აბიტურიენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართა. ღია კარის დღეს ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სიახლეებზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, სტიპენდიებზე, პრიორიტეტებზე, საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, სოციალურ პროგრამებზე, სწავლის პირობებსა და გაცვლით პროგრამებზე ისაუბრეს. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ნასაკირალში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის განათლების სამინისტროს სპეციალური შეთავაზება- საზაფხულო სკოლა დააანონსა. მთავრობის თავმჯდომარემ საჯარო სკოლას საჩუქრად ლეპტოპი გადასცა, ხოლო სკოლის მოსწავლეებს სამახსოვროდ სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტები და საჩუქრები გადაეცათ. ► ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 82-წლიანი ისტორიის მქონე განათლებისა და მეცნიერების უმნიშვნელოვანესი ცენტრია. უნივერსიტეტი ახორციელებს 130-ზე მეტ აკრედიტებულ პროფესიულ, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც 6000-მდე სტუდენტი სწავლობს. ► 50-მდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წელს 1430 პირველკურსელი ჩაირიცხება. მათგან ათი პროგრამა სრული სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება და სწავლება უფასო იქნება. ეს პროგრამებია: ქართული ფილოლოგია, ისტორია, დაწყებითი განათლება, ეკონომიკა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, აგრონომია და მშენებლობა. ამ პროგრამებზე 500 სტუდენტი უფასოდ ისწავლის.