სიახლეები

შემოქმედის ეპარქიის დაარსებიდან 22 წელი გავიდა

2017-04-21 09:13:00

შემოქმედის ეპარქიის დაარსებიდან 22 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში საიუბილეო საღამო მოეწყო. ღონისძიებას შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საიუბილეო თარიღი კულტურული ღონისძიებებით წელს პირველად გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის ინიციატივით აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობას გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სამრევლო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭის პროფესიონალურ დონეზე წარმოჩენა შეძლეს და სტუმრების წინაშე ემოციურად წარსდგნენ. ნაჩვენები იქნა ფილმი ეპარქიის ისტორიისა და შემოქმედის მიტროპოლიტის, ეპისკოპოს - იოსების მოღვაწეობის შესახებ. საიუბილეო თარიღი ეპარქიის წარმომადგენლებს გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - ზაზა ურუშაძემ მიულოცეს. საიუბილეო საღამოზე ასევე, საფუძველი ჩაეყარა გუბერნატორის გია სალუქვაძის ინიციატივას, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, შემოქმედის ეპარქიის დაარსების დღე ყოველწლიურად აღინიშნოს. შემოქმედის ეპარქია 1995 წლის 4 აპრილის წმინდა სინოდის განჩინებით ჩამოყალიბდა. ეპარქია 150 ეკლესია- მონასტერს და 70 სასულიერო პირს აერთიანებს.