სიახლეები

შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა

2017-06-16 11:13:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - შეკვეთილში, ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
 
საქართველოში გასართობი პარკი ციცინათელა ატრაქციონების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აღნიშნული პარკის გვერდით მდებარეობს პარკი საქართველო მინიატურებში, რომელშიც მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები.
 
ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, „ქართუ ჯგუფის“ მენეჯმენტის სერვისის დირექტორი ბესიკ დემეტრაშვილი, პროექტების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი და მოწვეული სტუმრები დაესწნენ.
 
ბესიკ დემეტრაშვილი - „ ჩვენ უკვე ტრადიციად გვაქვს ყოველი სეზონის გახსნაზე ვუმასპიმძლოთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომლებსაც ჩაუტარდათ ლექცია მინიატურების პარკისა და აქ წარმოდგენილი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებულები სხვადასხვა სახის საჩუქრებით დაჯილდოვდნენ“.
 
 ვახტანგ ცაგარელი - „მინიატურების პარკში განთავსებულია 54 ძეგლი, რომელიც გახლავთ ქართული ხუროთმოძღვრების, არქიტექტურისა და კულტურული ძეგლების ზუსტი ასლები. მათი ძირითადი მასშტაბი არის 125 - თან, ჩვენი პარკი მუდმივად განახლების რეჟიმშია, დაგვემატება რვა მინიატურა. წინა სეზონზე ჩვენ გვყავდა დაახლოებით 35 000 ვიზიტორი, ამ სეზონზე კი ველოდებით სამჯერ მეტ ტურისტს“.
 
 როგორც გია სალუქვაძემ აღნიშნა, საზღვაო-საკურორტო ზონაში, შეკვეთილში მდებარე პარკი საქართველო მინიატურებში, თავისი უნიკალურობით გამოირჩევა. პარკში მინიატურების სახით წარმოდგენილია ერთ სივრცეში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ამ უნიკალურ მხარეს, გურიას მოუტანოს დამატებითი სარგებელი და ეკონომიკური ზრდა.
 
ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, 18 წლამდე ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ უფასოდ „ციცინათელას“ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამითა და ატრაქციონების ფართო არჩევანით.