სიახლეები

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

2017-06-19 14:41:00

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, დისკრიმინაციის აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თემებზე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა საქართველოში, გიორგი ბურჯანაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა ნატალია ჯალიაშვილმა ამომწურავად ისაუბრეს. ტრენინგების მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კანონმდებლობით არსებული გარანტიების და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება. შეხვედრას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, სოსო ერქომაიშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების გაძლიერება და მათთვის ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებების დაცვის, ეროვნული სტრატეგიითა და შესაბამისი სამთავრობო გეგმით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების შესრულების პროცესს. აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით ხორციელდება.