სიახლეები

ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

2017-07-17 14:25:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგს განაგრძობს. ზურაბ ალავიძემ გურიაში გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა. აგვისტოში, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება. ამ ეტაპზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებთან შესასვლელებისა და საგზაო შემოფარგვლის მოწყობა. პროექტს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს და სამუშაოებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად,დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. დადგენილ ვადებში გზასთან ერთად მოწესრიგდება ყველა სახის ინფრასტრუქტურა და მოქალაქეები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.