სიახლეები

სოფელ ნიგოეთში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

2017-09-25 10:43:00

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ნიგოითის საფეხბურთო სტადიონს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. ამ დიდი საქმისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს დავით მუჯირს. გოგონებსა და ბიჭებს შორის აქ გაიმართა საჩვენებელი მატჩიც. ისინი სპორტის ამ სახეობაში საკმაოდ წარმატებულნი არიან. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ქალთა ფეხბურთი ჩვენს რეგიონში უფრო განვითარდება“- განაცხადა გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ აღნიშნა, ფეხბურთის განვითარების კუთხით გურია საკმაოდ აქტიური რეგიონია. ყველაზე მეტი გუნდი რეგიონთა თასზე სწორედ გურიიდან მოდის და ეს ძალიან სასიხარულოა.