სიახლეები

ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე ბორის პაიჭაძის ბიუსტი გაიხსნა

2017-10-13 11:50:00

ჩოხატაურში ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე დღეს ლანჩხუთის გურიასა და ოზურგეთის მერცხალის ახალგაზრდულ გუნდებს შორის ფინალური მატჩი გაიმართა. მატჩის დასრულების შემდეგ ტურნირში მონაწილე საფეხბურთო გუნდები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. საზეიმოდ გაიხსნა ბორის პაიჭაძის ძეგლი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ფეხბურთის ლეგენდებმა, თბილისის დინამოსა და ლანჩხუთის გურიას ვეტერანმა ფეხბურთელებმა. ჩოხატაურს ასევე ესტუმრნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პირები და გურიის მხარის ხელისუფლების წარმომადგენლები.

"დღეს ლეგენდარული ფეხბურთელის - ბორის პაიჭაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ჩოხატაურში მისი ბიუსტი გავხსენით. მინდა მადლობა გადავუხადო ლეგენდარულ ფეხბურთელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის და ყველა იმ მონაწილეს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა დღევანდელი დღის ორგანიზებაში“,- განაცხადა გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა "ნენას" ქარხანაში გადაინაცვლეს, დაათვალიერეს საწარმო და "ნენას" პროდუქცია დააგემოვნეს.