სიახლეები

გურიის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ

2017-11-15 17:44:00

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გურიის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.

გურიის რეგიონის 90 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს და წარმატებები უსურვეს გუბერნატორის მოადგილეებმა ქეთევან მოისწრაფეშვილმა, გია ებრალიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიზანი წარმატებით ხორციელდება და წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 2 470 წარჩინებული იყო, წელს კი 2 557 მოსწავლეა. მოსწავლეთა წახალისების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.