სიახლეები

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

2017-11-17 10:35:00

დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა."ადვოკატობის კამპანიის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ და „ფონდი ნატახტარის“ წარმომადგენლები დაინტერესებულ მხარეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ორგანიზატორებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინეს. პრეზენტაციასთან ერთად მოეწყო ახალი პროგრამისა და მზრუნველობამოკლებული მოზარდების, ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონში არსებული ვითარების განხილვა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა არსებულ სიტუაციებზე, გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ასევე, მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაცია, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები, 10 სხვადასხვა რეგიონულ ცენტრში, 9 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით იმართება.