სიახლეები

დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში ეკოჰაბი გაიხსნა

2017-11-21 17:40:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში, ეკოჰაბი გაიხსნა. ეკოჰაბის შექნის ინიციატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). ინიციატივა ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

ეკოჰაბის მიზანია გარემოსდაცვით სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის, ადამიანების კეთილდღეობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ახალი იდეებისა და სამოქმედო გეგმების დასახვა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ეკოჰაბი “გარემოსთან მეგობრულ“ კერძო ინიციატივებში, სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის იდეას უწევს პოპულარიზაციას და ქმნის პირობებს მათში ეფექტიანი მონაწილეობისათვის.

ეკოჰაბის გახსნას დაესწრნენ გურიის გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადენლები, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მაიზერ ცელაძე და მოწვეული სტუმრები.

ეკოჰაბის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: 
• გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულებების დამკვიდრება და გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერა სკოლებში;
• ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო, სამეცნიერო და კერძო სექტორთან თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლისა და მონაწილეობრივი პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის;
• ადგილზე არსებული შესაძლებლობების განვითარება, ადგილობრივი ინტერესების ლობირება, სათემო და სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობა;
• ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირება, ექსპერტული შეფასება და ადვოკატირება სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად;
• ახალი ტექნოლოგიების, თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში;
• უფასო საკონსულტაციო საქმიანობა

ეკოჰაბებით სარგებლობის უფლება აქვთ ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში დარეგისტრირებულ სასკოლო გუნდებს. პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.