სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2014 წლის მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა

2017-11-22 10:25:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა.

საკრებულომ სხდომაზე, ბიუჯეტის ცვლილებას უყარა კენჭი. ბიუჯეტი სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 266 300 ლარით გაიზარდა. მათ შორის საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი 74 000 ლარი, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს მოხმარდება. ბიუჯეტი საკუთარი შემოსავლების ნაწილში 192 300 ლარით გაიზარდა, რაც ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილება საკრებულოს ხმათა უმრავლესობით შევიდა. დეპუტატებმა ასევე, მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (4, 4 ჰა) ნაკვეთის, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემას.

სხდომას სტუმრის სტატუსით გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები დაესწნენ.

მერაბ ჭანუყვაძემ საკრებულოს დეპუტატებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ საკრებულოში არჩეულ დეპუტატებს წარმატებები უსურვა.

დღესვე, გუბერნატორმა, მეუფე იოსებმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა, სოფელ ლიხაურში, ის ტერიტორია მოინახულეს, რომელიც საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად საპატრიარქოს გადაეცა.