სიახლეები

კურორტ გომისმთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემმუშავებელი ჯგუფის წარმომადგენლებმა წინასაპროექტო კვლევისა და გეგმარებითი დავალების პროექტის პრეზენტაცია გამართეს

2017-12-05 15:23:00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კურორტ გომისმთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემმუშავებელი ჯგუფის წარმომადგენლებმა, ოზურგეთში, საქმიანობის პირველი ეტაპის ფარგლებში, წინასაპროექტო კვლევისა და გეგმარებითი დავალების პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

როგორც შეხვედრაზე არქიტექტორმა ვაჟა კუხიანიძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც დაგეგმარებით დავალებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს, შემმუშავებელი ჯგუფი უკვე კურორტ გომისმთის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესს დაიწყებს.

პრეზენტაციას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე, დამპროექტებელი ორგანიზაცია შპს „არქ სტუდიოსა“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ დღეს გაიმართა შეხვედრა „არქ სტუდიოს“ წარმომადგენლებთან, რომლებმაც კურორტ გომისმთის გენერალური გეგმის პირველი ეტაპის შედეგები წარმოგვიდგინეს. პროექტთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი და ჩვენ უმოკლეს პერიოდში დავასრულებთ ამ პროექტზე მუშაობას. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გომისმთის განვითარებისთვის. ჩვენ კურორტზე სამომავლოდ ვგეგმავთ პირველ რიგში ელექტროფიცირებას და გზის მიყვანას, შემდეგ კი სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კურორტს ჰქონდეს განსაკუთრებული პერსპექტივა, რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი გაჩნდეს და მეტი ტურისტი მოვიზიდოთ“- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.