სიახლეები

გურიაში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების'' პროექტი დასრულდა

2018-01-12 14:44:00

გურიაში "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების" პროექტი დასრულდა.

პროექტის დახურვის ღონისძიება "საქველმოქმედო ასოციაცია გურიას" ცენტრში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე მიესალმა და რეგიონში გაწეული დახმარებისთვის პროექტში მონაწილეებს მადლობის ბარათი გადასცა. ასევე, ისაუბრეს პროექტის შედეგებზე, სხვადასხვა პროგრამაზე და სამომავლო გეგმებზე. მადლიერების ნიშნად ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

„ოზურგეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, რომლის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების ხარისხის მეტად გაუმჯობესება. ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ და ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის დახმარებით „ასოციაცია გურია“ საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. გაწეული დახმარებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ეს არ არის ასოციაციის პირველი პროექტი და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

 როგორც ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა აღნიშნა, "საქველმოქმედო ასოციაცია გურია" აღიჭურვა ავეჯით, ტექნიკით, ცენტრალური გათბობის საქვაბით, სამზარეულოს ინვენტარით და ბავშვებისთვის გონების განმავითარებელი სათამაშოებით. პროექტი მათი ასოციაციის შუამდგომლობით, გურიის გუბერნიის მხარდაჭერით და ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "LDS Charities" დახმარებით დაფინანსდა. უახლოეს მომავალში დასრულდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა დღის ცენტრის აღჭურვის ანალოგიური პროექტის განხილვა.

ღონისძიებას დაესწრნენ გუბერნატორის მოადგილეები, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციისა და გურიის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.