სიახლეები

სამეგრელოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ

2018-03-19 21:29:00

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ.

აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ მავნებლის საწინააღმდეგო საკოორდინაციო შტაბში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი. საკოორდინაციო შტაბი ზედამხედველობას უწევს ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

მათ ასევე დაათვალიერეს რეგიონში მობილიზებული სპეციალური ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. მიმდინარე წელს, სულ, ქვეყნის მასშტაბით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებისთვის 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგეგმილი. წელს მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფო განახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე კერძო სავარგულებზე, სადაც აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება.

დღესვე, მინისტრები, ზუგდიდში 4 რეგიონის - სამეგრელო, გურია, იმერეთი და აჭარის ა/რ - მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ლევან დავითაშვილმა იმ ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც მავნებელთან ბრძოლის კუთხით ხორციელდება, ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები და სამეცნიერო საქმიანობა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, რეგიონში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები.

დასავლეთ საქართველოში, უკვე მობილიზებულია ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება. ქიმიური ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება. ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო.