სიახლეები

გურიაში მცირე მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

2018-03-29 19:35:00

საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში, შეიმუშავა ახალი საგადასახადო ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას.

მთავრობის პრიორიტეტია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რათა უზრუნველვყოთ საქართველოში იყოს ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენას შეეხება.

ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.

დღეს,  ოზურგეთში  კოლეჯ „ჰორიზონტში“, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებს შეხვდა, სადაც ისაუბრა ახალი საგადასახადო ინიციატივების შესახებ. შეხვედრაზე მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მეწარმეებს რეფორმის შესახებ და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

შეხვედრას მეწარმეებთან ერთად დაესრნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი - ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.  

ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რომელიც შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.

ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც, თავისმხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში. 

კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკვე იხილება საპარლამენტო კომიტეტებში.