სიახლეები

ნოე რამიშვილის იუბილე მის მშობლიურ სოფელში პირველად აღინიშნა

2018-04-07 11:54:00

პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის იუბილე მის მშობლიურ სოფელში პირველად აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლიურ სოფელში, ნოე რამიშვილის იუბილე პირველად აღინიშნა. საჯარო შეხვედრა იმ სკოლის ეზოში ჩატარდა, რომელშიც ის სწავლობდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ვანში, ნოე რამიშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს, შინაგან საქმეთა აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე პაპიაშვილმა, შინაგან საქმეთა არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, გუბერნატორის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ნოე რამიშვილის შთამომავლები, ისტორიკოსები, ადგილობრივი ოსახლეობა და სკოლის მოსწავლეები.

სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა, ნოე რამიშვილის შთამომავლებმა, სკოლის მასწავლებელმა და ისტორიკოსებმა 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ შეტანილ წვლილსა და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღსადგენად მის ბრძოლაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ნოე რამიშვილის შესახებ დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადებული საინფორმაციო ბანერები, ისტორიული დოკუმენტების ასლები და ფოტოები, რომლებიც სოფლის სკოლას და ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სამახსოვროდ გადაეცა. სოფელ დიდი ვანის სკოლაში უახლოეს მომავალში რამიშვილების მუზეუმიც გაიხსნება. ნოე რამიშვილის შთამომავლების ინიციატივით სკოლაში ნოე რამიშვილის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია დაწესდა. 

ღონისძიების დასასრულს, სკოლის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „პირველი რესპუბლიკის“ ჩვენება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სოფელ დიდ ვანში, ნოე რამიშვილის ნასახლართან ახლოს, მისმა საფრანგეთში მცხოვრებმა შვილიშვილმა, მიშელ რამიშვილმა ეზო შეიძინა და სახლი აიშენა.