სიახლეები

ტრადიციული ლელობურთი ლანჩხუთში “ქვემოურების” გამარჯვებით დასრულდა

2018-04-10 11:39:00

ლანჩხუთში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ტრადიციული სახალხო შეჯიბრი ლელობურთი გაიმართა, რომელშიც სოფელ შუხუთის ორი უბანი „ზემოურები“ და „ქვემოურები“ მონაწილეობდნენ.

გამარჯვების მოსაპოვებლად ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ბურთის ერთი წლით ხელში ჩასაგდებად ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ. სოფელ შუხუთში სამ საათიანი ორთაბრძოლა და ლელობურთის თამაში ქვემო შუხუთელების გამარჯვებით დასრულდა. მათ ბურთის წყლის არხზე გადატანა მოახერხეს და ტრადიციისამებრ ბურთი ერთ-ერთი გარდაცვლილის კოტე ორაგველიძის საფლავზე მიიტანეს.

ლელოს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ტურისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„პირველ რიგში, მინდა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო სრულიად საქართველოს და გურიას. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულს, ბედნიერებას, კეთილდღეობას და სულიერ ამაღლებას. რაც შეეხება დღევანდელ შეჯიბრს, მინდა გითხრათ, რომ ლელობურთი ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა და გურიაში ყოველწლიურად აღდგომას იმართება. ერთმანეთს ორი სოფლის წარმომადგენლები 16 კილოგრამიანი, ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისაკენ წაიღებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, მრავალ აღდგომას დაესწარით“- გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე.

მოთამაშეები ბურთს ტყავის, სველი ქვიშისა და ნახერხის გამოყენებით კერავენ.