სიახლეები

გურიაში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

2018-04-10 11:42:00

გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძისა და ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ყვავილებით შეამკეს ასევე, 9 აპრილის მემორიალი ჩოხატაურში.

„დღეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის. 29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. იმ 21 გმირს შორის, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირეს, ოზურგეთელი ნინო თოიძე და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე იყვნენ. მე ქედს ვიხრი მათი ოჯახებისა და ხსოვნის წინაშე“- განაცხადა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აღნიშნა, უახლოესი ისტორიის ერთ - ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე - 9 აპრილი, თითოეული ქართველისთვის იქცა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. ოზურგეთი დღეს, განსაკუთრებული მოწიწებით იხსენებს ლიხაურელ ნინო თოიძეს. სწორედ ეს თავდადება გახლავთ მაგალითი პატრიოტიზმის და მათი ხსოვნა არის მარადიული.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა - „ 9 აპრილმა ორად გაყო საქართველოს ისტორია, 9 აპრილამდე და მის შემდეგ. სწორედ ამ ადამიანების დაღვრილმა სისხლმა განაპირობა დღევანდელი დამოუკიდებლობა. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს გარდაცვლილთა ოჯახებს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.