სიახლეები

„სპორტი ბარიერების გარეშე“ იწყება

2018-04-27 15:58:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, იწყება „სპორტი ბარიერების გარეშე“.

პროექტი მრავალკომპონენტიანია და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ახალგაზრდული სპორტული ფესტივალი წარმოადგენს. „სპორტული ფესტივალი“ უზრუნველყოფს ახალგაზრდების მასობრივ ჩართვას სპორტულ ღონისძიებებში. ძირითადი აქტივობები იმართება 2002 – 2004 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის სპორტის ოთხ სახეობაში (ფეხბურთი, კალათბურთი, სპრინტი და ჭადრაკი).

რეგიონული ტურნირი 18 – 19 მაისს, ოზურგეთში ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალიტეტების გამარჯვებული გუნდები მიიღებენ. ტურნირი ჩატარდება სამ ეტაპად: მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლები, გურიის გუბერნატორის მოადგილეს არჩილ ყაზაიშვილს და მუნიციპალიტეტების სპორტისა და კულტურის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ აღნიშნული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს.

პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“, „ახალგაზრდული ფესტივალი - 2018“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს სპორტულ და კულტურულ აქტივობებს და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.