სიახლეები

''რა ყოფილა გურია''- სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა

2018-04-27 18:39:00

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. საბჭომ პროექტით დაგეგმილი საგრანტო კონკურსის დოკუმენტაცია განიხილა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა.


მცირე გრანტების პროგრამის მთავარი მიზანია, ტურისტული ინტერესის მქონე საჯარო ადგილების უსაფრთხოების, მიმზიდველობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ადგილებზე ტურისტული ნიშნების, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ან ტურისტული ღირსშესანიშნაობების განვითარება, გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის მიმართული ღონისძიებების მოწყობა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების საქმიანობის ხელშეწყობა, არსებული ტურისტული სექტორის განვითარება, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის მომზადების პროცესის ტურისტულ პაკეტად შეკვრა და შემდგომ რეალიზაციაში დახმარება.


აღნიშნულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიის რეგიონში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ასევე გურიის რეგიონში მცხოვრებ ფიზიკურ პირებსა და არსებულ საინიციატივო ჯგუფებს. მცირე გრანტების კონკურსს ადმინისტრირებას ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი უწევს.


შეხვედრას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები, პროექტის დირექტორი ნანა თავდუმაძე და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენელი მინდია სალუქვაძე.


პროექტი ,,მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის,“ დაფინანსებულია ევროკავშირის დელეგაციის მიერ, რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ყოვლისმომცველი განვითარების ხელშეწყობა რეგიონის მიმზიდველობის გაზრდის გზით. პროექტს მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებს „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“.