სიახლეები

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა მაისში დასრულდება

2018-04-28 14:11:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას ასრულებს.

სამუშაოს მიმდინარეობას  მაია ცქიტიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გაგი ბუაძესთან, გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.


სამშენებლო სამუშაო 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა  შიდა ინტერიერს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ოზურგეთის ფოლკლორის სახლში განთავსდება არქივი და ხმის ჩამწერი სტუდია. აქ თავს მოიყრის ანზორ ერქომაიშვილის მიერ შეგროვებული უნიკალური მასალა. დასავლეთ საქართველოდან ანსამბლებს სიმღერების ჩასაწერად თბილისში ჩასვლა აღარ მოუწევთ. ცენტრში უკვე 100-მდე ბავშვი სწავლობს და დირექტორი იმედოვნებს, რომ მათი რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება. 


"გურია შესანიშნავი ლოტბარებით გამორჩეული მხარეა და საბედნიეროდ, ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ოზურგეთის  ფოლკლორის ცენტრის რეკონსტრუქცია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და  სტანდარტების დაცვით მოხდა. მჯერა, რომ ეს ცენტრი ამ სფეროს მოღვაწეებისა და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის კულტურის ახალ კერად იქცევა“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


პროექტი, რომელიც ფოლკ-ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1,6 მლნ ლარზე მეტია. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა მაისში დასრულდება.