სიახლეები

გურიის რეგიონისთვის ბიუჯეტის განხილვა

2018-09-13 10:12:00

რეგიონებში ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, თვითმმართველობებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრები გრძელდება.

მაია ცქიტიშვილი და მინისტრის მოადგილეები გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერებს, რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებული თემები, რეგიონის პრიორიტეტები და საჭიროებები, პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მინისტრმა და მოადგილეებმა, უშუალოდ, თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან მოისმინეს რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ადგილებზე არსებობდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და სტანდარტების შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურა, ასევე გამართულად მუშაობდეს და ყურადღება მიექცეს კულტურის, სპორტის, სამედიცინო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მნიშვნელობას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ანალოგიური შეხვედრები სხვადსხვა რეგიონში უკვე გამართა. წლის ბოლომდე, მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრა, საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.