სიახლეები

ჩიბათელი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 10 ფინალისტს შორის დასახელდა

2019-02-22 10:13:00

ლადო აფხაზავა "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" 10 ფინალისტს შორის დასახელდა. მას წარმატება სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიულოცეს და საზეიმო განწყობით დახვდნენ.

ლადო აფხაზავას წარმატება ასევე მიულოცეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, პროექტის ორგანიზატორებმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დღეს გამოაცხადა. მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო - ბრაზილია; დეიზი მერტენს - ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტ - დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა - ინდოეთი; მელისა სალგუერო - აშშ; მარტინ სალვეტი - არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარან - ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია; პიტერ ტუბიში - კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ.

გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მიმდინარე წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ლადო აფხაზავამ "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" 2017 წელს მოიპოვა და ამის შემდეგ წარადგინეს "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელს არჩევს.