ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ქ. ოზურგეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. მისი ფართობი შეადგენს 30,9 კმ2.
ჰავა ხასიათდება სუბტროპიკული ნოტიო კლიმატით. ნალექების საშუალო წლიური ოდენობა შეადგენს 2100 – 2800 მმ-ს. საშუალო წლიური ტემპერატურა +12–14 0C-ია, შესაძლებელი მაქსიმუმი _ +39 0C, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი _ -10 0C. ქარის საშუალო სიჩქარე შეადგენს 3,2 მ/წმ-ს.
ქალაქი ოზურგეთი არის გურიის ადმინისტრაციული ცენტრი. იგი დედაქალაქიდან დაშორებულია 321 კმ-ით.
მკვლევარი, ეთნოგრაფი და მწერალი, თედო სახოკია გურიაში 1897 წელს მოგზაურობის დროს ასე აღწერდა ოზურგეთს: „აჰა, ესეც კოპწია გურიის დედაქალაქიცა! ადამიანის ყურადღებას იპყრობს თავდაპირველად ის უხვი მწვანე სამოსელი, რომელშიაც გახვეულია ოზურგეთი. ასე ბრძანებთ, შეცდომით ტყეში შევედი, სადაც შეცდომითვე სახლებია აშენებულიო. ოზურგეთს მთა-გორიანი მდებარეობა აქვს. ერთ ისეთ წერტილს ვერა ნახავთ, რომ იქედან შეიძლებოდეს მთელ ქალაქს მიმოავლოთ თვალი. სამხრეთ-დასავლეთით მოსჩანს აჭარა-გურიის მთა, მდიდარი ტყეებით შემოსილი, ჩრდილოეთით _კავკასიის ქედი; დასავლეთიდან აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ მთაგორები იწყება ვიდრე აჭარის მთებამდე".
ქალაქის ოფიციალური სტატუსი ოზურგეთმა 1846 წლის 14 დეკემბერს მიიღო, როცა რუსეთის მთავრობამ ამიერკავკასიია ხელმეორედ დაყო. ახალი დაყოფით ოზურგეთის მაზრა შევიდა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში.