მთავარი

სოფელ ასკანაში, მწვანე აქციის ფარგლებში, ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად ვაზის ნერგები გადასცა. 15-მდე გურული ვაზის ჯიში, როგორიცაა ბადაგი, ცოლიკაური, საკმიელა, ჭუმუთა, მცვივანა, ალადასტური, ჩხავერი, კამური და სხვები ადგილობრივებს უფასოდ დაურიგდათ. მანამდე ბიზნესმენმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს, გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს - ქეთი მოისწრაფეშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს - დავით დარჩიას ასკანაში მიმდინარე ღვინის ქარხნის მშენებლობა დაათვალიერებინა. 
_ „როიალ ასკანა“ ერთდროულად იქნება მარანი, ღვინის მუზეუმი და თანამედროვე ტიპის სასტუმრო, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. ასკანა უნდა გახდეს საჩვენებელი სოფელი, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით გავაუმჯობესოთ თემის ინფრასტრუქტურა და აქედან წასულ ახალგაზრდებს მშობლიურ სოფელში დაბრუნების პირობა შევუქმნათ, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ. 
მოსახლე, რომელიც ნერგებს აიღებს ავტომატურად იღებს ვალდებულებას: უზრუნველყოს ვაზის ნერგების მოვლა-პატრონობა მისსავე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რასაც ხელწერით ადასტურებს. 
აქციის მიზანი კომერციულია. ჩხაიძის განმარტებით, მოსახლეობისგან მოწეულ მოსავალს იმ დროისთვის ყველაზე მაღალ ფასში აიღებს, რაც ვაზის კულტურის გასამრავლებლად კიდევ ერთი მოტივაცია იქნება. 
- ეს იქნება დასაწყისი გურიაში ღვინისწარმოების განვითარებისთვის. მაქსიმალურად ვეცდებით ინფრასტრუქტურა იმ სოფლებში მოვაწყოთ, საიდანაც შემოსულებობის ზრდა იქნება შესაძლებელი. ასკანა, ამ კუთხით, მოწინავე სოფელია. გასულ წელს აქ დავასრულეთ წყლის სისტემის მოწყობა, ამ წლიდან კი ასკანაში გზის რეაბილიტაციას დავიწყებთ, - განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას. 
ასკანის შემდეგ სტუმრებმა ლიხაური-ჭანიეთის საზღვარზე მდებარე სადემონსტრაციო ნაკვეთში გადაინაცვლეს. ტერიტორია უკვე დამუშავებულია. სადემონსტრაციო ნაკვეთზე დაირგო 200-მდე ხეხილის ნერგი. აქვე მოხდება ენდემური გურული ყურძნის ჯიშების გამოყვანა. იგეგმება ახალი საკვები კულტურების ელიტური ჯიშების დანერგვა, მაღალპროდუქტიული საქონლის ჯიშების ხელოვნური განაყოფიერების გზით გამოყვანა, მათ შორის მეღორეობის მიმართულებით, „პეკინური“ იხვების მოშენება, სატბორე მეურნეობისა და ინკუბატორების მოწყობა. 
გარდა მესაქონლეობისა აქ მოხდება უხვმოსავლიანი ერთწლიანი საკვები კულტურების დათესვა, რაც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ნაკვეთის ტერიტორიაზე განთავსდება კონფერენცჰოლი, სადაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ფერმერების განათლების დონის ამაღლების მიზნით, სემინარები ჩატარდება.
სადემონსტრაციო ნაკვეთის მოვლა-პატრონობას სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურთან ერთად ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი“ უზრუნველყოფს.