დღეს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში გაიმართება
გურული ცხენოსნების ამერიკაში მოგზაურობის ამსახველი უნიკალური მასალების
პრეზენტაცია.
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა საქართველოს თეატრის, მუსიკის,
კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს სარესტავრაციოდ უნიკალური
რელიკვიები გადასცა. 10-მდე ძვირფასი ხელნაწერი ის იშვიათი ისტორიული
წყაროა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ამერიკაში გურული ცხენოსნების
მოგზაურობას ასახავს. წერილები ძირითადად კალიფორნიის შტატიდანაა
გამოგზავნილი და „ველურ დასავლეთში” ქართველთა თავბრუდამხვევ წარმატებაზე
მეტყველებს.
შეგახსენებთ, რომ 1892 წლიდან გურული მოჯირითეების განსაცვიფრებელი
ისტორია დაიწყო. ისინი 30 წელზე მეტხანს ბაფალო ბილისა და სხვა შოუების
არენაზე გამოდიოდნენ. ქართველების განუმეორებელმა ჯირითმა იმდენად დიდი
ეფექტი მოახდინა, რომ 1892 წლის 25 ივნისს გურულებს ბუკინგემის სასახლეში
ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ უმასპინძლა.
სარესტავრაციოდ გადმოტანილ უნიკალურ ხელნაწერებს განსაკუთრებული
ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ ფაქტის ამსახველი დოკუმენტების
უმეტესობა ბოლშევიკებმა გაანადგურეს.
რესტავრაცია ლანჩხუთისა და თეატრისა და კინოს მუზეუმებს შორის გაფორმებული
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოხდება.