სიახლეები

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E70) შემადგენელი გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

2024-03-15 14:09:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
 
,,უმნიშვნელოვანესი დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე. 14 კმ-იანი მონაკვეთიდან 11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილია 3 კმ-იანი კრიტიკული მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფს გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის პირდაპირ ბმას სამტრედია-გრიგოლეთის დასრულებულ მონაკვეთებთან. სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, თუმცა, არის გამოწვევები 3 კმ-იან მონაკვეთზე, რის გამოც კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიებს მოეთხოვათ შესაბამისი მობილიზაციისა და რესურსების გაზრდა. გეგმა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია გულისხმობს, აღნიშნული მონაკვეთის წელს დასრულებას. შედეგად სამტრედია- გრიგოლეთი პირდაპირ დაუკავშირდება ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია, როგორც ზაფხულის სეზონისთვის, ისე მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რათა უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მოხდეს დასავლეთ საქართველოში მაგისტრალური გზებით გადაადგილება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
 
,,დავათვალიერეთ გრიგოლეთი-ქობულეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დარჩენილი 3 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. პროცესი აქტიურ ფაზაშია და პროექტის დასრულების შემდგომ ჩვენ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეგვეძლოს გადაადგილება ჩქაროსნულ მაგისტრალზე და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მაგისტრალის დასრულება ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ტურისტული ნაკადების შემოდინებას, რადგან ეს გზა მიდის ისეთ ტურისტულ ობიექტებთან, როგორიც არის: ,,ბლექ სი არენა", დენდროლოგიური პარკი, მუსიკოსთა პარკი და სხვა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტები, რომელიც გვაქვს ჩვენს რეგიონში,"- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.