ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გურიის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ოზურგეთის მაზრაში, 1930-1963 წლებში – ცალკე რაიონი იყო, 1963-1964 წლებში შედიოდა მახარაძის რაიონში, 1965-დან ცალკე რაიონია. 2006 წლიდან ეწოდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

ბუნება
მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი მთაგორიანია. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: მესხეთის ქედი და მისი შტოქედები, მდ. სუფსისა და მისი შენაკადების ხეობები. ტერიტორია – 825 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები სუფსა, გუბაზეული და ხევისწყალი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური საღებავები, პირიტი, საშენი ქვები, აგრეთვე მინერალური წყლები (ნაბეღლავი, კოხნარი, ზოტი).

მოსახლეობა

მოსახლეობის რაოდენობა მუნიციპალიტეტში არის 17 000 ადამიანი; მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, გარკვეული ნაწილი – მუსლიმი. მუნიციპალიტეტი შედგება დაბა ჩოხატაურის, დაბა ბახმაროს და 22 ადმინისტრაციული ერთეულისგან. 

ადგილობრივი თვითმმართველობა
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს: დაბა ჩოხატაური, დაბა ბახმარო, ამაღლება, ბუკისციხე, გოგოლესუბანი, გორაბერეჟოული, გუთური, დაბლაციხე, დიდი ვანი, ერკეთი, ზომლეთი, ზემო სურები, ზემოხეთი, ზოტი, კოხნარი, ნაბეღლავი, საჭამიასერი, ფარცხმა, ქვენობანი, შუა ამაღლება, შუა სურები, ჯვარცხმა, ხევი, ხიდისთავი.

ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეხილეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მევენახეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საწარმოა სააქციო საზოგადოება “წყალი მარგებელი” (მინერალური წყლის „ნაბეღლავის” ჩამოსასხმელი ქარხანა). ფუნქციონირებს სამთო-კლიმატური კურორტები ბახმარო და ნაბეღლავი.
მუნიციპალიტეტი დედაქალაქიდან დაშორებულია 296 კმ–ით, ოზურგეთიდან – 24 კმ–ით, ხოლო უახლოესი სარკინიგზო კვანძიდან – 25 კმ–ით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა სამტრედია-ქობულეთი – 25 კმ-იანი მონაკვეთი.