წყლის რესურსები და ენერგეტიკული პოტენციალი. რეგიონი მდიდარია წყლის რესურსებით - მდინარეებით, ტბებით, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსაცავებით, მიწისქვეშა მტკნარი წყლებით, მინერალური წყლებით და თერმული წყლის რესურსით. გურიაში სულ 25 საშუალო და მცირე ზომის მთის მდინარე ჩამოედინება, რომელთა საერთო სიგრძე 598 კმ-ს შეადგენს, ხოლო აუზების საერთო ფართობი 1000 კვ.კმ-ზე მეტია. რეგიონში არის 3 ტბა (საერთო ფართობი რეგიონში - 3,5 კმ2) და 3 წყალსაცავი (საერთო ფართობი - 4,4 კმ2). 2011 წელს ბუნებრივი წყლის ობიექტებიდან წყლის აღებამ 95 მლნ კბმ, ხოლო წყლის გამოყენებამ 94,4 მლნ კბმ შეადგინა. 2011 წლის წყალაღების მონაცემების თანახმად, რეგიონში მოპოვებული წყლის რესურსების (მიწისქვეშა და ზედაპირული წყალი) 96% გამოიყენება ჰიდროენერგეტიკაში, 2% სასმელ-სამეურნეო დანიშნულებით, ხოლო დანარჩენი - სამრეწველო დანიშნულებით, სარწყავად და რეკრეაციული დანიშნულებით. გურია ესაზღვრება ტრანსსასაზღვრო მნიშვნელობის შავ ზღვას.
გურიაში მოიპოვება მინერალური წყლები - ნაბეღლავი (მარაგი - 101,9 მ3 დღე-ღამეში) და გულიანი (მარაგი დაუდგენელია). ნაბეღლავის წარმოება კარგად არის განვითარებული და იგი რეგიონის ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს. რეგიონში არსებული მინერალური წყლის რესურსის რეკრეაციული და საკურორტო დანიშნულებით გამოყენება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, შეზღუდულია. ასევე გამოუყენებელია თერმული წყლების ენერგეტიკული პოტენციალი. მხოლოდ ნაწილობრივ არის გამოყენებული რეგიონის ტერიტორიაზე არსებული, უნიკალური ბალნეოლოგიური თვისებებით ცნობილი შავი ზღვის სანაპირო ზონის პოტენციალი (ურეკი-შეკვეთილი-ნატანების მაგნიტური ქვიშის პლაჟები), რასაც, არსებითად, წყალგაყვანილობის, საკანალიზაციო სისტემებისა და შესაბამისი გამწმენდი ნაგებობების არარსებობა განაპირობებს.
წყლის რესურსების პოტენციალი ჰიდროენერგეტიკაში არ არის ეფექტიანად გამოყენებული. მხარის გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები იძლევა შესაძლებლობას, გურიის მდინარეებზე აშენდეს მცირე ჰესების კასკადები, საერთო სიმძლავრეებით 80-100 მგვტ, რაც არა მხოლოდ დააკმაყოფილებს მხარის ენერგეტიკულ მოთხოვნას, არამედ შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის რეალიზაციაც და ამით, შემოსავლების დამატებითი წყაროს შექმნა. გურიის ტერიტორიაზე ორი მოქმედი ჰესია - ბჟუჟჰესი (მდინარე ბჟუჟზე) და აჭჰესი (მდინარე აჭზე), რომელთა საერთო სიმძლავრე 12,8 მგვტ-ს შეადგენს. ორივე ჰესი ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. 2007 წლიდან აქტიურად დაიწყო „ბახვი ჰიდრო პაუერის“ კასკადური ჰესების მშენებლობა, რომელიც 6 ერთეულისაგან შედგება და საერთო ჯამში 60 მგვტ-ს გამოიმუშავებს. ამჟამად, მიმდინარეობს მშენებლობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. აქტიურად მიმდინარეობს ზოტიჰესის საპროექტო სამუშაოები და საინვესტიციო წინადადებების მომზადება. აღსანიშნავია, რომ რეგიონის გეოდინამიკური პოტენციალისა და მაღალი საშიშროების რისკის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია როგორც რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოების, ისე გარემოს დაცვის თვალსაზრისით.
რეგიონში არსებობს ალტერნატიული ენერგორესურსები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული ქარების მიმართულება, სიჩქარე და ხანგრძლივობა ქმნის გაბატონებული ქარის რესურსის ენერგეტიკული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას. ქარის ტურბინას შეუძლია წელიწადში, საშუალოდ, 127 დღე-ღამის განმავლობაში იმუშაოს. მზის ენერგიის რესურსი, ცხელი წყლით მომარაგების მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მცირე ზომის სასტუმროებში, საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობებში. რეგიონში არის ბიოგაზის, ბიომასის (თხილის და სახერხების ნარჩენები) და თერმული წყლის რესურსების ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა.
ტყის რესურსები. რეგიონი მდიდარია ტყის რესურსებით, რომელიც მრავალფროვანი ტყითსარგებლობის შესაძლებლობას იძლევა. გურიაში ტყეს ტერიტორიის 48% უკავია. ტყის ფონდის ფართობი 86,4 ათას ჰა-ს შეადგენს, საიდანაც ტყით 81,2 ათასი ჰა არის დაფარული. 2012 წელს ტყის ჭრით მიღებული ხე-ტყის მოცულობა 15,7 ათას კბმ-ს შეადგენდა, რაც 11,6 ათასი კბმ-ით მეტია 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამგვარი მაჩვენებელი, ძირითადად, ტყის სამასალედ ათვისების ზრდითაა განპირობებული. დღეისათვის ხორციელდება ხე-ტყის მოპოვება 7,9 ათას ჰა ფართობზე, რისთვისაც გაცემულია ხე-ტყის დამზადების ერთი სპეციალური ლიცენზია. რეგიონში ოპერირებს 21 ლიცენზირებული სახერხი.
ტყის შემქმნელ ძირითად მერქნიან სახეობებს შორის, მაგარმერქნიანი ფოთლოვნებიდან რეგიონის მასშტაბით ჭარბობს წიფელი (29370 ჰა, 6700,2 ათასი კბმ). მნიშვნელოვანი ფართობი უკავია რცხილას (2518 ჰა, 212,9 ათასი კბმ), აკაციას (9786 ჰა, 57,2 ათასი კბმ) და წაბლს (466 ჰა, 47,1 ათასი კბმ). წიწვოვნებიდან ჭარბობს ნაძვი (5520 ჰა, 1926 ათასი კბმ), სოჭი (2900 ჰა, 1231,4 ათასი კბმ) და ფიჭვი (166 ჰა, 17 ათასი კბმ). რბილმერქნიანი ფოთლოვნებიდან ყველაზე დიდი ფართობი უკავია მურყანს (12398 ჰა, 1099,6 ათასი კბმ) და ვერხვს (144 ჰა, 30,9 ათასი კბმ). ქვეტყე და ბუჩქნარი, ძირითადად, წარმოდგენილია წყავით, შქერით და იელით. რეგიონის ტერიტორიაზე გვხვდება ასევე ბამბუკი (4 ჰა, 0,1 ათასი კბმ).
ტყეებისა და მისი რესურსების პოტენციალის გამოყენებას რეგიონის განვითარებისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მერქნული რესურსის არსებული მარაგები, სწორად დაგეგმვისა და მდგრადი ტყითსარგებლობის შემთხვევაში, იძლევა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ისე მათი სამრეწველო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში არ არის განხორციელებული ტყის რესურსების ინვენტარიზაცია.
წიაღისეული. რეგიონში მოიპოვება სხვადასხვა სახის წიაღისეული. ამჟამად, რეგიონში წიაღისეული რესურსების მოპოვებაზე 74 ლიცენზიაა გაცემული. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოიპოვება ბენტონიტური თიხა, რომლის მარაგი 10 მლნ ტონაზე მეტია. თიხის მოპოვება და დამუშავება, ამჟამად, ძალზე მცირე მოცულობით მიმდინარეობს. თიხის გადამუშავებას და ნედლეულის ექსპორტის პროდუქციის ექსპორტით ჩანაცვლებას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს საბიუჯეტო შემოსავლები და დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. ტორფის საბადოს კოლხეთის პარკის ტერიტორიაზე 300 ჰა უკავია. მისგან მიიღება ორგანული სასუქი, რომელიც ნებისმიერი ტიპის ნიადაგისათვის გამოსადეგია და არის ეკოლოგიურად სუფთა (პარკის ტერიტორიაზე ტორფის მოპოვება საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის აკრძალული). საქართველოში აპატიტი მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია (სოფ. ვაკიჯვარი), სადაც ქანები 7-10% აპატიტს შეიცავს. ამავე სოფლის ტერიტორიაზე არის წითელი რკინის მადანი. აქვეა აღმოჩენილი სპილენძის ბუდობები, მცირე ოდენობით ტყვია, ვერცხლი და თუთია. კაოლინის საბადოა სოფელ მაკვანეთში, სადაც კაოლინის ფენის სიმძლავრე 0,4-დან 11 მეტრამდეა. სოფ. შემოქმედსა და გომში არის სიენიტების საბადო (სიენიტი მაგმური ქანია, რომელიც გრანიტს წააგავს და საუკეთესო საშენი მასალაა). ოქრას საბადოა სოფ. ნაგომარში, რომლის სიმძლავრე 1,5-2 მეტრი, ხოლო სამვალენტიანი რკინის ჟანგის რაოდენობა 22,33%-ია (ოქრა გამოიყენება მინერალური საღებავების დასამზადებლად). ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოიპოვება ტუფის და გრანიტის მოსაპირკეთებელი მასალა, რომელთაგან თითოეულის საერთო მარაგი 400 ათას მ³-ს შეადგენს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებობს ასევე ოქროს წიაღისეული, რომლის მარაგი შეფასებული არ არის. კირქვის საბადო მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. კირქვა მერგელოვანია, თეთრი და რუხი ფერისაა. ნედლეული პასუხობს მოთხოვნებს სამშენებლო ჰიდრავლური კირის საწარმოებლად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშია ასევე სააგურე თიხის რამდენიმე საბადო, საბადოს თიხა ყავისფერი, მოცისფრო-რუხი და რუხი-მოლურჯო ფერისაა. ფილიფსიტშემცველი ქანების საბადო მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საბადოზე, ძირითადად, ცეოლითიზირებულია ტრაქიტული შედგენილობის ტუფები, რომლებიც შუაშრეების სახით განლაგებულია ვულკანოგენურ-დანალექ წყებაში. ქვიშა-ხრეშის საბადოებია როგორც ოზურგეთის, ისე ლანჩხუთის ტერიტორიაზე. მარაგები დამტკიცებულია როგორც ბეტონის შემავსებლის და საამშენებლო ხსნარის ნედლეული, რომელიც პასუხობს სტანდარტულ მოთხოვნებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ასევე გვხვდება ნედლი ნავთობის საბადო. წიაღისეული რესურსები არ არის დათვლილი და ამდენად, უცნობია ადგილობრივ ეკონომიკაზე მათი შემდგომი ზემოქმედების პოტენციალი. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონი მეწყრული პროცესების გავრცელების და საშიშროების რისკის მიხედვით მიეკუთვნება მაღალი საშიშროების რისკის კატეგორიას და რესურსების მოპოვების დაგეგმვისას, აუცილებელია შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების სათანადო ხარისხით ჩატარება.