ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საართველოში, გურიის მთების ჩრდილო-დასავლეთით, დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვის 18 კმ-იანი სანაპირო (საკურორტო) ზოლი. მუნიციპალიტეტის 15000ჰა უჭირავს კოლხეთის ეროვნულ პარკს, რომლის  დანიშნულებაა კოლხეთის დაბლობზე მცენარეული და ცხოველთა სამყაროს დაცვა, ასევე ბუნების ხელუხლებლად შენარჩუნება. მთიანი ზონის სოფლები განლაგებულია 400-500მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან, დაბლობის ზონის სოფლები ძირითადად ესაზღვრება კოლხეთის ეროვნულ პარკს. მუნიციპალიტეტის უმეტესი ნაწილი სუბტროპიკულ ზონას წარმოადგენს. ქალაქი ლანჩხუთი თბილისიდან დაშორებულია 300კმ-ით, ბათუმიდან – 85კმ-ით, ფოთიდან – 42კმ-ით.   მუნიციპალიტეტში არის 2 ტბა და ჩამოედინება 5 მდინარე საერთო სიგრძით 75კმ, მუნიციპალიტეტი ცნობილია მრავალი წიაღისეულით, მათ შორის: კირქვის საბადოები, სააგურე თიხა, ტორფი, შუხუთის ფილიფსიტშემცველი ქანების საბადო, სუფსის ქვიშა-ხრეშის საბადო. მუნიციპალიტეტის მიწის მთლიანი ფონდი 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 49860,9ჰა-ს, რომლის უდიდესი ნაწილი – 76% კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია. მოსახლეობა - 28 600 ადამიანი. მუნიციპალიტეტი შედგება ქალაქი ლანჩხუთის და 15 ადმინისტრაციული ერთეულისგან.