ვაშნარის ნაქალაქარი
ვაშნარის ნაქალაქარი მდებარეობს ოზურგეთის დასავლეთით, ქალაქიდან 5 კმ-ზე. 1949 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა საფორტიფიკაციო ნაგებობა და მარტირიუმი _ მოწამის საფლავზე აგებული ქრისტიანული საკულტო შენობა. ვაშნარი გაშენებული იყო შემაღლებულ ადგილას, იქ, სადაც მდინარეები, სკურდუმი და ნატანები, ერთმანეთს ერთვის. ვაშნარის ციხე-ქალაქის მშენებლობისა და ძლიერების პერიოდი ისტორიკოს-მკვლევართა მიერ V-VII საუკუნეებით განისაზღვრება.
ციხე-ქალაქი სამი მხრიდან დაცული იყო ფლატენაპირიანი მდინარეებით, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან, ბუნებრივი სიმაგრით დაუცველ ვაკე ადგილზე, ვაშნარელებს მაღალი ქვის მასიური კედელი აღუმართავთ და თავდაცვის გაუმჯობესების მიზნით ღრმა თხრილი გაუყვანიათ.
ქალაქის ყოველ მხარეს წყვილ-წყვილი ზღუდე იყო აგებული. ზღუდის კედელთან, ყოველ 40 მეტრზე, მდგარა მცირე ზომის კოშკი და სხვა ნაგებობანი, რომელთაგან აღნიშვნის ღირსია ადრეული ქრისტიანული ხანის ეკლესია და სამლოცველოს ნაშთები.
საინტერესოა ქართველ ისტორიკოს-მკვლევართა აზრი ვაშნარის შესახებ: IV საუკუნის დამლევისათვის თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის როლში გვევლინებიან ლაზები, რომელთა მიერ შექმნილ სახელმწიფოს ქრისტიანული წყაროები ეგრისს უწოდებენ, ხოლო ბერძენი და ბიზანტიელი ავტორები ლაზიკის სახელით იხსენიებენ. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ეგრისის სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად ოთხი მსხვილი საამშენებლო საქმიანობა, რაც ახალ სიმაღლეებს აღწევს... ვაშნარი-სპონიეთი-გურიანი სწორედ ამ საქმიანობის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
ასკანის ციხე
ასკანის ციხე მდებარეობს სოფ. ასკანაში, მაღალ, ფრიალო კლდეზე, ოზურგეთიდან 17 კმ-ზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს. ციხე ნაგებია ქვითა და კირხსნარით. შესასვლელის მარცხნივ გვირაბია, რომელიც ჩადის მდინარე ბახვისწყალზე.
ასკანის ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე საამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ფეოდალური ხანისაა, უახლესი _ XIX საუკუნისა.
არსებობს ვარაუდი, რომ ასკანის ციხე IV საუკუნეშია აგებული. ციხეში შემავალი კარიბჭის მარჯვნივ შეინიშნება ძველი ნაგებობის უტყუარი ნაკვალევი _ კლდოვან ქანში გამოკვეთილი საფეხურები; იქვე აღმოჩენილ იქნა ძველი მარანიც.
ხსენებული ქვის საფეხურები ცხადყოფს, რომ მათი საშუალებით ,,მკვიდრნი და მცველნი ამა ციხისანნი“ რომელიღაც ძველ ნაგებობაში შედიოდნენ.
ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. სამლოცველო საკმაოდ დაზიანებულია, ხის ქოხები დანგრეულია. შიდა და გარე ზღუდეთა ირგვლივ მეომართა სადგომი ბაქნებია მოწყობილი; შეინიშნება ციხის კედლებში გამოჭრილი სათოფურები.
ციხის გარე ზღუდის დაქანებული კლდოვანი ფერდობის ძირში დიდი ზომის ხის ზედაპირი მოჩანს. აქედან იწყება ბახვის ხეობასთან დამაკავშირებელი, ციხიდან გამავალი საიდუმლო გვირაბი.
ასკანის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორიები უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული. ამას მოწმობს საინტერესო ნივთიერი კულტურის მდიდარი მასალა, რომელსაც თან ერთვის რამდენიმე ადგილას აღმოჩენილი ძვ. წ. I ათასწლეულით დათარიღებული რკინის ხანის ქურა-სახელოსნოები, რაც მოწმობს იმას, რომ ამ მხარეს საკმაოდ მაღალგანვითარებული მეტალურგიული წარმოება ჰქონია.
გორაბერეჟოულის, ანუ ერისთავების ციხე
გორაბერეჟოულის, ანუ ერისთავების ციხე აგებულია ლამაზ გორაკზე, XVII-XVIII საუკუნეებში. ის იყო საბრძოლო მნიშვნელობის და ერისთავების კუთვნილებას წარმოადგენდა. ციხე შემოფარგლულია ოთხი კედლით, რომელთგან თითოეულის სიმაღლე 5 მეტრია, ხოლო სიგრძე _ 25 მეტრი. ციხის კედლებში დატანებულია სათოფურები, ციხის შიგნით მოთავსებულია მარანი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა. ციხის აღმოსავლეთით აგებულია პატარა სამლოცველო, რომელიც ამჟამად ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია. ირგვლივ გაშენებულია ულამაზესი დენდროლოგიური ტყე-პარკი მრავალი ჯიშის იშვიათი მრავალწლიანი მცენარეებით: აქ ნახავთ სამი საუკუნის მუხას, ფანქრის ხეს, კანფეტის ხეს, გიგანტ სექვოიასა და სხვ.
ზოტის ციხე (ღომის ციხე)
ზოტის ციხე (ღომის ციხე) მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სამხრეთით, "საყდრის ყელზე", ჩოხატაურიდან 45 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 2300 მეტრი სიმაღლის მთაზე, მდინარე გუბაზეულის ხეობაში. ძეგლი წარმოადგენს უდუღაბოდ ნაგებ სამ ქვაბულს (თითოეულის მოცულობა 25 კუბური მეტრია), რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია 0,5 მეტრი სიგრძის და 0,5 მეტრი სიგანის გასასვლელებით, რაც მთავრდება გარეთ გამოსასვლელი გვირაბით. ძეგლი შუა საუკუნეების სამხედრო დანიშნულების ობიექტს წარმოადგენდა; მისასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აქვს.
ბუკისციხე (თამარის ციხე)
თამარის ციხე _ ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე მდებარეობს სოფელ ბუკისციხეში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ჩოხატაურიდან 6 კმ-ზე. იგი აღმართულია მდინარე სუფსის მარჯვნივ, მაღალ გორაზე, ე.წ. გურის ტბასთან. აქ ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. აღმოჩენილია გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები.
ამჟამად ციხის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. აშენებულია რიყის ქვით და მოცულობით არცთუ ისე დიდია; განლაგებულია მაღალ ბორცვზე და საკმაოდ ციცაბო მისასვლელი აქვს. ციხეს გარშემო უვლის ძლიერ დაზიანებული გალავანი. ციხის ჩრდილოეთ მხარეს მიდგმული მრავალსართულიანი კოშკის პირველ სართულზე გამოვლენილია წყლის საცავი ქვის დიდი ავზი და ქვისავე კიბის ნაშთი. მეორე სართული საცხოვრებელი ჩანს, მესამე სართული _ საბრძოლო დანიშნულებისა. ციხის აღმდგენად მოიხსენიება მამია III გურიელი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ზეობდა. ციხე გურიის რუსეთთან შეერთებამდე კონტროლს უწევდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას.
ლიხაურის ციხე
ლიხაურის ციხე აიგო XII საუკუნეში მტრისგან თავდაცვის მიზნით. ადგილობრივმა მოსახლეობამ ციხის ასაშენებლად საკმაოდ ძნელი გზა ამოირჩია _ რიგში ჩამდგარი ადამიანები ერთმანეთს აწვდიდნენ რიყის ქვებს და ასე ააგეს ლიხაურის ციხე, რომელიც ხალხის ძლიერების სიმბოლოდ იქცა.
ციხე უკეთ დაცული რომ ყოფილიყო, მდინარესთან მიწისქვეშა გვირაბი აკავშირებდა. ამ გვირაბის ძირითადი მიზანი იყო, ალყაშემორტყმულ ციხეში მყოფ მებრძოლებს საკვებითა და სასმლით მომარაგებისთვის მუდმივი გზა ჰქონოდათ და შეძლებოდათ, მძინარე მტერს ზურგიდან დასხმოდნენ თავს. ასევე იყო დამაკავშირებელი საიდუმლო გვირაბი ერთ-ერთ ციხესთანაც, რომელიც ლიხაურის ციხის ახლოს მდებარეობდა. ეს გვირაბები საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა მტრისგან თავის დასაღწევადაც.
ციხეს იყენებდნენ მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის. მოგვიანებით იგი გურიის მთავარ გურიელის სარგებლობაში იყო. ის წარმოადგენდა როგორც სამთავრობო რეზიდენციას, ასევე ადგილს მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის.
ციხე ცნობილია, როგორც "თამარის ციხე", იმის მიუხედავად, რომ ქართველთა მეფე აქ არასოდეს ყოფილა. სავარაუდოდ, ეს სახელი ციხეს თითქოს ძალას მატებდა, რადგან თამარის სახელი ჩვენი ქვეყნის ძლიერების პერიოდს, "ოქროს ხანას" უკავშირდება. ციხეს ასევე ჰქონდა მეორე სახელი _ "წარმატების ციხე", რაც იმით აიხსნება, რომ მისი არსებობის მანძილზე ის არასოდეს დაუპყრია მტერს და გმირულად გაუძლო ყველა ომს.
ერკეთის ციხე
1968 წელს 94 წლის სონია მგალობლიშვილი ყვებოდა: სამი ძმის აშენებულიაო, ზარზმიდან გადმოსულებისო. ძმებმა სოფ. ხევში დაამზადეს ასაშენებელი ქვები. 4 კმ. იყო ხალხი გადაჭიმული და ერთმანეთს ხელიდან ხელში აძლევდნენ ქვას. ბევრი კვდებოდა. პირველად ქვის პირველი ამღები მომკვდარა. ღვთის წინაშე ვალმოხდილები დაიყვნენ. ერთი დაბრუნდა ზარზმას, ზოგი ამბობდა ქობულეთში წავიდაო, მეორე ხევში წასულა, ელიე რომელსაც ერქვა. სწორედ იმ ელიეს ნაშიერია ახლანდელი ხევში მცხოვრები ელიეშვილები. დავითი დარჩენილა ერკეთში მგალობლად, სწორედ ამ მგალობლიშვილის ნაშიერია ვის ეზოშიც არის ციხე ახლა. რა პერიოდით თარიღდება არავინ იცის, მაგრამ ძველებისგან გადმოცემით, თამარ მეფე იქნებ ამ ციხეშიც იყოს დამარხულიო.