მრეწველობა
რეგიონში წარმოების მაპროფილებელი სახეებია - ელექტროენერგიის, მინერალური და სასმელი წყლების, თხილის, ჩაის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების, ხორბლის ფქვილის, პურის და ფუნთუშეულის, ინერტული მასალებისა და თიხის წარმოება. რეგიონში აგრეთვე იწარმოება საექსპორტო პროდუქცია. გურიიდან ექსპორტზე შედარებით დიდი რაოდენობით გადის ციტრუსი, მოცვი და თხილი. ექსპორტზე გადის ასევე მინერალური წყალი „ნაბეღლავი“ და კომპანია „წყალი მარგებელი“-ს მიერ წარმოებული Rauch-ის უალკოჰოლო სასმელები. 2016 წელს მრეწველობაში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 53.7 მლნ ლარი შეადგინა.
 
 
2016 წელს გურიაში მრეწველობის ბრუნვის მოცულობა 170.2 მლნ ლარს, პროდუქციის გამოშვება 173.6 მლნ ლარს, მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა 1503 ადამიანს, დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 771.6 ლარს, ხოლო ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 7.9 მლნ ლარს შეადგენდა.
 
 
რეგიონის აქტივებისა და რესურსების გათვალისწინებით, გურიას მრეწველობის სექტორის კიდევ უფრო განვითარების პოტენციალი აქვს. აქტივებისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების სტიმულირებაზე მიმართული ძალისხმევა, ხარისხზე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების მაქსიმალური წახალისება, ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემური ზრუნვა, კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, კაპიტალის ალტერნატიული ბაზრების მოძიება და ჩამოყალიბება და ზოგადად, სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორის სათანადო გამოყენება მრეწველობის სექტორის განვითარებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.