რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა

გურიის რეგიონი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ძირითადად, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. გურიას დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით - აჭარა-გურიის ქედი, მდინარე ჩოლოქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აღმოსავლეთით - იმერეთი, ხოლო ჩრდილოეთით - სამეგრელო. გურიის ფართობია 2033 კვ.კმ., ქვეყნის ტერიტორიის 2,9%. გურიის მოსახლეობის რაოდენობა 139,8 ათასია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,1%-ს შეადგენს. მხარეში შედის 189 დასახლებული პუნქტი - 2 ქალაქი, 5 დაბა და 182 სოფელი. მხარის მოსახლეობის 26,4% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 73,6% სოფლებში. მოსახლეობის სიმჭიდროვე მხარის ტერიტორიაზე შეადგენს 69 ადამიანს კვ.კმ-ზე. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ათზე მეტი სოფელი. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. გურიის რეგიონში მოქმედებს სამი თვითმმართველი ერთეული: ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. რეგიონულ დონეზე სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, რომლის ადმინისტრაცია ქ. ოზურგეთშია განთავსებული. ქ. ოზურგეთი დედაქალაქიდან 325 კმ-ით არის დაშორებული. რეგიონის ზღვისპირა მდებარეობა, ქ. ფოთის პორტთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან, ქუთაისის აეროპორტთან და ბათუმის აეროპორტთან სიახლოვე ქმნის კარგ პირობებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

გურიის რეგიონი ბუნებრივი პირობების მიხედვით ორ, ბარისა და მთის ნაწილად იყოფა. გურიის დაბლობი ნოტიო-სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. ზაფხული გურიის ვაკეებზე ზომიერად ცხელია, ხოლო ზამთარი - ზომიერად გრილი. მთის ჰავისთვის დამახასიათებელია ჰაერის სისუფთავე. მთის ჰავის თავისებურება - გამორჩეული სამკურნალო თვისებები განპირობებულია ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმით. მთაში ზაფხული ზომიერად თბილია, ხოლო ზამთარი - ზომიერად ცივი.

რეგიონში აღინიშნება რთული დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობა. უარყოფითია როგორც მოსახლეობის მიგრაციის, ისე ბუნებრივი მატების დინამიკა. რეგიონში შეინიშვნება როგორც ბუნებრივი ასევე მექანიკური (მიგრაცია) კლება.

ოფიციალური მონაცემებით, გურიის მოსახლეობა 139,8 ათას ადამიანს შეადგენს. რეგიონში აღინიშნება რთული დემოგრაფიული მდგომარეობა, რაზეც უარყოფით გავლენას ახდენს შიდა და გარე მიგრაცია. მიგრაციული პროცესები, ძირითადად, გამოწვეულია რთული სოციალური მდგომარეობით, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონით და დასაქმების მცირე პერსპექტივით. შრომისუნარიანი მოსახლეობა სამუშაოს საძიებლად, ძირითადად, საქართველოს დიდ ქალაქებში და საზღვარგარეთ მიემგზავრება.

2012 წელს რეგიონში მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებელმა -2,8‰ (-388 ადამიანი) შეადგინა. ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკის უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორი რეგიონიდან ახალგაზრდების გადინება და მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებაა.