ბიზნეს სექტორი

ბიზნესის რეგისტრის ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში რეგისტრირებულია 10135 სუბიექტი. ამასთან, ფაქტობრივად, რეგიონში 200-მდე მცირე და საშუალო საწარმო მოქმედებს.

2011 წელს ბიზნესსექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება 43,7 მლნ ლარით, ხოლო ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციები - 16,6 მლნ ლარით განისაზღვრა. 2012 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვამ - 270,1 მლნ ლარი, ხოლო გამოშვებული პროდუქციის ღირებულებამ - 132,5 მლნ ლარი შეადგინა.

სამივე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ბანკების ფილიალები, ხოლო ოზურგეთში - ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მაღალია და 17%-დან 24%-მდე მერყეობს. კონსალტინგურ მომსახურებას ახორციელებს ჩოხატაურში მოქმედი 2 და ოზურგეთში მოქმედი 2 აუდიტორული ფირმა.

რეგიონში ბიზნესის სათანადო განვითარებას ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა - სუსტი კომერციული და საბაზო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის და ადგილობრივი ბიუჯეტების მწირი შემოსავლები, ინვესტიციების მცირე მოცულობა, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ადგილობრივი სოციალური კაპიტალის დაბალი დონე, საგადასახადო შეღავათების ქმედითი სისტემის არარსებობა, საბანკო კრედიტების სიძვირე და რთული ხელმისაწვდომობა და ალტერნატიული კაპიტალის დაბალი შესაძლებლობები, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (ბიზნესინკუბატორი, საკონსულტაციო ცენტრი, სალიზინგო კომპანია და სხვ.) ნაკლებობა.

გურიის მდიდარი წყლისა და ტყის რესურსები, მისი წიაღისეული, ცენტრალურ ავტომაგისტრალთან და რკინიგზასთან კავშირი, ცალკეული აგრარული პროდუქციის წარმოებისათვის ხელსაყრელი გარემო, მაღალი ტურისტული პოტენციალი, ბათუმისა და ფოთის პორტებთან და თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან სიახლოვე, ისევე როგორც სუფსის ნავთობ-ტერმინალის რეგიონში არსებობა, კარგ წინაპირობასა და შესაძლებლობებს ქმნის რეგიონში ბიზნესსექტორის განვითარებისთვის.