მრეწველობა

გურიაში მრეწველობა სუსტად არის განვითარებული, რაც, ძირითადად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტრადიციული ბაზრებისა და სამეურნეო კავშირების დაკარგვამ, პრობლემურმა პოლიტიკურმა პროცესებმა, ქვეყანაში ეკონომიკის საერთო ვარდნამ, აგრეთვე მოსახლეობის მიგრაციამ და დაბერებამ განაპირობა. 2010 წლის მონაცემებით, გურიაში 69 მაპროფილებელი საწარმო მოქმედებდა. რეგიონში წარმოების მაპროფილებელი სახეებია - ელექტროენერგიის, მინერალური და სასმელი წყლების, თხილის, ჩაის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების, ხორბლის ფქვილის, პურის და ფუნთუშეულის, ინერტული მასალებისა და დაფქვილი თიხის წარმოება.

რეგიონში მცირე მოცულობით იწარმოება საექსპორტო პროდუქცია. გურიიდან ექსპორტზე შედარებით დიდი რაოდენობით გადის ციტრუსი (ძირითადად, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში) და თხილი (ძირითადად, ჩეხეთში, გერმანიასა და ერაყში). ექსპორტზე გადის ასევე მინერალური წყალი „ნაბეღლავი“. ექსპორტისთვის არის განკუთვნილი 25 ჰა-ზე გაშენებული კივის და 30 ჰა-ზე გაშენებული მოცვის პლანტაციის პროდუქციაც. 2011 წელს მრეწველობაში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 23,9 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის მაჩვენებელი 31,9%-ით ნაკლებია 2006 წლის მაჩვენებელზე, რაშიც გადამწყვეტი როლი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა შეასრულა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი მხოლოდ 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2007, 2008, 2010 და 2011 წლებში დადებითი დინამიკა დაფიქსირდა. აღნიშნულ წლებში ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 14,45% შეადგინა.

2011 წელს გურიაში მრეწველობის ბრუნვის მოცულობა 76,6 მლნ ლარს, პროდუქციის გამოშვება 75,6 მლნ ლარს, მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა 1638 ადამიანს, დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 306,4 ლარს, ხოლო ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 9,8 მლნ ლარს შეადგენდა. ამასთან, 2010 წელთან შედარებით, ბრუნვის მოცულობა 0,5%-ით, პროდუქციის გამოშვება 5,2%-ით, ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა თითქმის 5,5-ჯერ, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 29,3%-ით გაიზარდა. ამავდროულად, 17,8%-ით შემცირდა მრეწველობაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება.

რეგიონის აქტივებისა და რესურსების გათვალისწინებით, გურიას მრეწველობის სექტორის განვითარების პოტენციალი აქვს. აქტივებისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების სტიმულირებაზე მიმართული ძალისხმევა, ხარისხზე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების მაქსიმალური წახალისება, ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემური ზრუნვა, კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, კაპიტალის ალტერნატიული ბაზრების მოძიება და ჩამოყალიბება და ზოგადად, სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორის სათანადო გამოყენება მრეწველობის სექტორის განვითარებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.