სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობას გურიის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და რეგიონში წარმოებულ დამატებულ ღირებულებაში მისი წილი 26,4%-ია. 2011 წელს რეგიონში სოფლის მეურნეობაში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 115,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 38,8%-ით აღემატება 2010 წლის, თუმცა მხოლოდ 15,8%-ით - 2006 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ დარგში შრომისუნარიანი მოსახლეობის 56,3% - 79 ათასი ადამიანია დასაქმებული. ძირითადად, ისინი თვითდასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნებიან და თავიანთ ოჯახურ მეურნეობებში საქმიანობენ. სოფლის მეურნეობა არ არის სათანადოდ მოდერნიზებული და ძირითადად, ნატურალური მეურნეობის ნიშნებს ატარებს. მეტწილად, იგი ორიენტირებულია არა სარეალიზაციო პროდუქციის წარმოებაზე, არამედ კომლის სასურსათო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანი დისპროპორცია შეინიშნება დასაქმებულთა რაოდენობასა და პროდუქციის მოცულობას შორის. სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმების მაღალი მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის დაბალი დონე, რეგიონში სიღარიბის ზრდის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია და აგროწარმოების განვითარება, რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ ამოცანად განხილება.

სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი. გურიაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 22,3 ათასი ჰა შეადგენს სახნავს, 19,7 ათასი ჰა - საძოვარს, 1,2 ათასი ჰა - სათიბს, ხოლო 5,5 ათასი ჰა დაუმუშავებელია. სახნავი ფართობების უდიდესი ნაწილი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. გურიის რეგიონი მცირემიწიანია. გარდა ამისა, რელიეფისა და სხვა ფაქტორების გამო, იგი გამოირჩევა ფართობების ფრაგმენტაციით, რაც ძალზე ართულებს მეურნეობების გამსხვილებას.

გურიის ნიადაგები და კლიმატი იძლევა ისეთი კულტურების განვითარების საშუალებას, რომელთა განვითარება საქართველოს სხვა რეგიონებისთვის, სამეგრელოს გარდა, ნაკლებად შესაძლებელია. გურიაში განსაკუთრებით კარგი პირობებია ჩაის, ციტრუსის, სიმინდის, ბოსტნეულის, ხილის, სუბტროპიკული ეთერზეთოვანი კულტურების, ბაღჩეულისა და მრავალწლიანი ბალახების წარმოებისთვის. აღსანიშნავია, რომ არ არის რეკომენდებული ციტრუსის, ბოსტნეულის. სუბტროპიკული და სხვა კულტურების მოყვანა ჩაის ყოფილ პლანტაციებში, რადგან წარსულში სასუქების ინტენსიური გამოყენება იწვევდა ნიადაგის მჟავიანობის გაზრდას, ხოლო პრევენციული ღონისძიებები მჟავიანობის შესამცირებლად აღარ ხორციელდებოდა.

რეგიონში ძალზე აქტუალურია მიწების დაჭაობების პრობლემა. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ფართობიდან ჭარბი წყლის მოსაცილებლად არსებობს 17,4 ათას ჰა-ზე განლაგებული სადრენაჟო ინფრასტრუქტურა, რომელზეც წლების განმავლობაში არ ჩატარებულა გაწმენდითი სამუშაოები. სადრენაჟო ინფრასტრუქტურის 80%-ზე მეტი შევსებულია დანალექებითა და ტყე-ბუჩქნარით, რის გამოც იგი ვერ უზრუნველყოფს ფართობებიდან ზედმეტი წყლების შეკრებას, გატარებას და წყალმიმღებში ჩადინებას. შედეგად, მიმდინარეობს მეორადი დაჭაობების პროცესი და სახნავი ფართობების თითქმის ნახევარი დაჭაობებულია. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალშისაცემია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც მიწის ბალანსით არსებული 12,4 ათასი ჰა-დან მხოლოდ დაახლ. 5 ათასი ჰა მუშავდება. ამჟამად, რეაბილიტაციას საჭიროებს 11,1 ჰა-ზე განლაგებული სადრენაჟო ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში აღრიცხული არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მემცენარეობა. გურიის კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები იძლევა მემცენარეობის ისეთი დარგების განვითარების შესაძლებლობას, როგორიცაა მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, კენკროვანი კულტურების (მ.შ. ლურჯი მოცვის) წარმოება, აგრეთვე სხვადასხვა სუბტროპიკული ხილის წარმოება, როგორიცაა ხურმა, ზეთისხილი, პეკანი, ფეიჰოა, ავოკადო, მუშმალა და სხვ. მერქნიან-ტექნიკური კულტურებიდან ახლო წარსულში გავრცელებული იყო ბამბუკის, ტუნგის, დაფნისა და ევკალიპტის წარმოება. 2011 წელს რეგიონში ნათესი ფართობები შემდეგი სახით იყო წარმოდგენილი:

ნათესი ფართობების განაწილება კულტურების მიხედვით - ათასი ჰა (2011)

    წყარო: სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია.

რეგიონში ნათესი ფართობების მიხედვით ყველაზე მეტად სიმინდი, თხილი, ციტრუსი, ჩაი და ხილია გავრცელებული, რაც ამ კულტურების პრიორიტეტულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. თუმცა, რეგიონში სასურველია ასევე ახალი, პერსპექტიული მრავალწლიანი კულტურების დანერგვა.

ერთწლიანი მარცვლეული კულტურებიდან სამივე მუნიციპალიტეტში წამყვანი ადგილი უჭირავს სიმინდს (აჯამეთის თეთრი), რომელზეც სახნავი ფართობების უდიდესი ნაწილი მოდის. 2011 წელს სიმინდის წარმოებამ გურიაში 27,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8,4 ტონით მეტია 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თუმცა, საშუალო მოსავლიანობის თვალსაზრისით, კვლავაც არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. 2011 წლის მონაცემებით, სიმინდის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობამ 2,3 ტ/ჰა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ფართოდაა გავრცელებული სიმინდის ნათესებში სხვა კულტურების (სოიო, ლობიო, გოგრა) შეთესვით მოყვანა.

90-იან წლებში გურიაში მასობრივად დაიწყო თხილის კულტურის გავრცელება. თხილს ახასიათებს მთელი რიგი უპირატესობები სხვა კულტურებთან შედარებით, განსაკუთრებით - გაშენებისა და მოვლის სიიაფე, ტრანსპორტაბელურობა და გასაღების ბაზრის ხელმისაწვდომობა. თხილის ნაყოფის რეალიზაცია ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში ინვესტირებული კაპიტალის დიდი ნაწილი სწორედ თხილის წარმოებასა და შესაბამის გადამამუშავებელ საწარმოებზე მოდის. სოფლის მეურნეობის ამ დარგს რეგიონში შემდგომი განვითარების პერსპექტივა აქვს. რეგიონში თხილის კულტურის მიერ დაკავებული ფართობი ყოველწლიურად იზრდება როგორც ახალი ფართობების, ისე ძველი, ტრადიციული კულტურების ხარჯზე. თუმცა, არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა პროდუქციულობისა და საშუალო მოსავლიანობის თვალსაზრისით. 2011 წელს, თხილის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობამ 1,25 ტ/ჰა შეადგინა.

რეგიონში ჩაის და ციტრუსის წარმოება საგრძნობლად შემცირდა და ამ დარგებს დაკარგული აქვს ადრინდელი მნიშვნელობა. დღეისათვის, რეგიონში არსებობს ჩაის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობა უმნიშვნელოა. ფართობის მიხედვით, ეს კულტურა პირველი იყო რეგიონში, მაგრამ ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა და მის ადგილს სხვა კულტურები იკავებენ. ასევე შემცირების ტენდენციით ხასიათდება (თუმცა, ნაკლები მასშტაბით) ციტრუსოვანთა მიერ დაკავებული ფართობები. რეგიონის მასშტაბით, ციტრუსის პროდუქტიულობა საშუალოდ 4-6 ტ/ჰა-ს შეადგენს.

ისეთი სუბტროპიკული კულტურების გავრცელება, როგორიცაა დაფნა, ბამბუკი, ევკალიპტი, ტუნგი, ფეიჰოა, ხურმა და სხვ., ბევრად ნაკლებია, თუმცა, ეს კულტურები გარკვეული მოცულობით სამივე მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. რაც შეეხება სხვა მრავალწლიან კულტურებს, როგორიცაა ვაზი და ხეხილოვნები, მათი წარმოება, ძირითადად, თვითმოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება და სარეალიზაციოდ პროდუქციის შედარებით მცირე ნაწილი გადის. სუბტროპიკული კულტურებიდან, პერსპექტიული კულტურაა კივი, რომლის ფართობები სამივე მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. თუმცა, თხილთან შედარებით, კივი ბევრად ნაკლები გავრცელებით ხასიათდება. კივი მოსახლეობას, როგორც წესი, 200-300 მ2 ფართობზე აქვს გაშენებული. რეგიონში კივის ფართობებს სულ 100-120 ჰა უკავია, ხოლო საშუალო მოსავლიანობა 25 ტ/ჰა-ს შეადგენს. პერსპექტიული კულტურაა ლურჯი მოცვიც. 2011 წელს მოწყობილმა ლურჯი მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთმა თავისი ნაყოფი გამოიღო და 2013 წლის დასაწყისში რეგიონში ლურჯი მოცვი უკვე 60 ჰა-ზე გაშენდა.

რეგიონში მემცენარეობის პროდუქტიულობა ძალზე დაბალია, რასაც განაპირობებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაბალი ინფორმირებულობა, შრომის დაბალი ორგანიზებულობა, მოძველებული და ამორტიზებული გენეტიკური მასალა, ფინანსების არასათანადო ხელმისაწვდომობა, ექსტენციისა და მომსახურების ცენტრების სიმცირე, სავარგულების დეგრადაცია და ამორტიზება, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, მიმღები და გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირე და სხვ. რეგიონში შესაძლებელია ფეიხოას, ხურმის, ხეხილის და ვენახის მოსავლიანობის გაორმაგება, ხოლო ბოსტნეული კულტურებისა და კარტოფილის მოსავლიანობის რამდენჯერმე გაზრდა.

სასათბურე მეურნეობები მხოლოდ ოზურგეთში გვხვდება მცირე ფართობზე (3 მეურნეობა 2 ჰა ფართობზე), სადაც, როგორც წესი, ზამთრის თვეებში მოყავთ კიტრი და პომიდორი. ზოგიერთი სათბური გამოიყენება ჩითილების საწარმოებლად. სულ სასათბურე მეურნეობების მიერ წარმოებული პროდუქცია 200 ტონას შეადგენს.

სანერგე მეურნეობებს რამდენიმე წვრილი ფერმერი ფლობს, ძირითადად, ლანჩხუთსა და ოზურგეთში. ლანჩხუთში, ძირითადად, აწარმოებენ ციტრუსის, ფეიხოას, კივის, ბროწეულის, მსხლის და სხვადასხვა დეკორატიული მცენარის ნერგებს. ოზურგეთში არის კივის, პავლოვნიის და სხვადასხვა ხეხილის, ასევე საბოსტნე საჩითილე მეურნეობები. სამომავლოდ, მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 4,8 ჰა-ზე გაშენდა, უნდა გახდეს მოცვისა და ციტრუსის სხვადასხვა ახალი და მაღალხარისხიანი ჯიშების მიმწოდებელი სანერგე მეურნეობა. სულ რეგიონში ფუნქციონირებს 11 სანერგე მეურნეობა 11,9 ჰა ფართობზე.

მეცხოველეობა. რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტშია გავრცელებული მესაქონლეობა. ფერმერული ტიპის მეურნეობებში გავრცელებულია მომთაბარეობა, ხოლო გაზაფხულის ბოლოს საქონელს მთებში, ალპურ საძოვრებზე მიერეკებიან. თანდათანობით იკიდებს ფეხს ხელოვნური განაყოფიერების გამოყენება, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდონ მესაქონლეობის პროდუქტიულობა. გურიაში აღირიცხება 68,1 ათასი სული მსხვილფეხა საქონელი. წარმოებული პროდუქცია შეადგენს 3,4 ათას ტონა ხორცს და 34,2 ათას ტონა რძეს. მსხვილფეხა რქოსანის წველადობამ 2011 წელს ერთ სულ პირუტყვზე 1077 ლიტრი შეადგინა, რაც ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებზე დაახლ. ათჯერ ნაკლებია. მესაქონლეობაში როგორც წველადობის, ისე ხორცის წარმოების დაბალ დონეს, ძირითადად, განაპირობებს გენეტიკური მოძველება, არასათანადო ვეტერინალური მომსახურება, ტექნოლოგიებზე დაბალი ინფორმირებულობა, საკვები ბაზის რაოდენობრივი და ხარისხობრივი სიმწირე. საკვები ბაზის სიმცირის გამო, ფერმერები ნამატ მოზარდეულებს, როგორც წესი, 5-6 თვის ასაკში ცოცხალ წონად ჰყიდიან, რაც აფერხებს მეცხოველეობის განვითარებას. მეცხოველეობით დაკავებული ფერმერებისთვის იონჯის თივის წარმოება საუკეთესო საშუალებაა პირუტყვის გამოსაკვებად.

სამივე მუნიციპალიტეტშია გავრცელებული მეღორეობა, რაც მოსახლეობისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. თუმცა, ბოლო წლებში, ხშირმა ეპიდემიურმა დაავადებებმა ღორის სულადობა მნიშვნელოვნად შეამცირა. გურიაში აღირიცხება 6,9 ათასი სული ღორი. 2011 წელს ღორის ხორცის წარმოებამ დაკლულ წონაში 274 ტონა შეადგინა.

მეფრინველეობის მცირე ფერმები გვხვდება ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც, ძირითადად, ფრინველის ხორცს აწარმოებენ. სულ რეგიონში აღირიცხება 528690 ფრთა ფრინველი. წარმოებული პროდუქცია შეადგენს 22 მლნ კვერცხს და 286 ტონა ხორცს.

რეგიონში აღირიცხება 8,2 ათასი სული ცხვარი და თხა. წარმოებული პროდუქცია 95,3 ტონა ხორცს შეადგენს.

წარსულში, სათევზეები სამივე მუნიციპალიტეტში იყო წარმოდგენილი. თუმცა, დღეისათვის, მათი უდიდესი ნაწილი არ ფუნქციონირებს ან უმნიშვნელოდაა დატვირთული. ამჟამად, რეგიონში მოქმედებს რამდენიმე სათევზე მეურნეობა, სადაც ხორციელდება თევზისა და ქვირითის წარმოება. სამივე მუნიციპალიტეტში, ძირითადად კი - ოზურგეთში, გვხვდება მცირე ზომის სატბორე მეურნეობები, სადაც ხორციელდება კობრისა და კალმახის მოშენება. მეთევზეობის განვითარების თვალსაზრისით, რეგიონს კარგი პერსპექტივა აქვს.

ბუნებრივი პირობები მეფუტკრეობის მნიშვნელოვნად გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ამჟამად, გურიაში არის 12,2 ათასი ოჯახი ფუტკარი.

აგროწარმოება და ლოჯისტიკა, ახალი ტექნოლოგიები, მასტიმულირებელი სისტემები და მექანიზმები. რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნაწილის (მეტწილად, ციტრუსისა და თხილის) გადამუშავება ადგილზე ხორციელდება. დღეისათვის, რეგიონის მასშტაბით 40-მდე საწარმო მოქმედებს, მათ შორის ბევრი მათგანი პერიოდულად და არასრული დატვირთვით. ყველაზე განვითარებული სფეროა თხილის წარმოება. რეგიონის მასშტაბით, უკანასკნელი წლების განმავლობაში 4 საწარმო (3 ოზურგეთში და 1 ლანჩხუთში) ამოქმედდა, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავებით არის დაკავებული და მიღებული პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. რეგიონში არსებული წვენების დამამზადებელი და საკონსერვო ქარხნები გაჩერებულია. უკიდურესად არის შემცირებული ჩაის წარმოებაც. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში არის ფრინველის ხორცის მწარმოებელი რამდენიმე საწარმო, რომლებიც, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული. მეცხოველეობის პროდუქციის გამართული თანამედროვე საწარმოები არ ფუნქციონირებს. რძისა და ხორცის პროდუქტების გადამუშავება ხორციელდება არსებულ გლეხურ-ფერმერულ მეურნეობებში, ოჯახურ პირობებში.

მიმღები პუნქტების ორგანიზებისა და ლოჯისტიკის მხრივ, რეგიონში არასახარბიელო მდგომარეობაა. ძველი ინფრასტრუქტურა განადგურებულია, ხოლო ახალი არ შექმნილა, რაც რეგიონის ფერმერთათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით ეს ეხება მალფუჭადი პროდუქციის - ციტრუსისა და სხვა სუბტროპიკული ხილის მწარმოებლებს. უკეთესი მდგომარეობაა თხილის კულტურასთან მიმართებით, რადგან რეგიონში არაერთი თხილის მიმღები პუნქტი ფუნქციონირებს.

რეგიონში მოქმედებს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ორგანიზაციები - 4 ასოციაცია/კოოპერატივი, 65 ფერმერული მეურნეობა, 7 საკონსულტაციო ცენტრი, 20 სასოფლო-სამეურნეო მაღაზია და 1 ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მერიაში ამოქმედდა მექანიზაციის რეგიონული სერვისცენტრი, სადაც განთავსებულია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა: დაახლ. 40 ერთეული სხვადასხვა ტიპის ტრაქტორი და კომბაინი, მისაბმელები, პნევმატური სათესები, შესაწამლი და ნიადაგის დასამუშავებელი აგრეგატები. აღნიშნული ტექნიკის გამოყენება ფერმერებს მემცენარეობის პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. სერვისცენტრში ფერმერებს ხელმისაწვდომ ფასებში შეუძლიათ შხამქიმიკატების შეძენა და მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციის მიღება. რეგიონი მცირეგაბარიტიანი ტექნიკის დეფიციტს განიცდის. გარდა ამისა, აქტუალურია ტექნიკის ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემაც. მოსახლეობა ხშირად ვერ ახერხებს მაღალხარისხიანი მასალების შეძენას, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს პროდუქციის მოსავლიანობაზე.

რეგიონში არასათანადოდ არის განვითარებული საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობები, სადაც გამოიცდებოდა ადგილობრივი პირობებისადმი ადაპტირებული და მდგრადი პროდუქცია. 2012 წელს მოეწყო მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც 4.8 ჰა-ზე გაშენდა ათამდე ჯიშის მოცვი და რომელშიც გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელი იქნება გამოცდილი ჯიშების წარმოება და გაყიდვა. აქვე ეწყობა ციტრუსის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც 1 ჰა-ზე რამდენიმე ჯიშის ციტრუსი გაშენდება და მოხდება საუკეთესო ჯიშების გაყიდვა და გავრცელება.

სოფლის მეურნეობაში დაბალი პროდუქტიულობის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების არასაკმარისი კვალიფიკაციაა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რეგიონის მოსახლეობისთვის ტარდება საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიება. გარდა ამისა, ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა ბიზნესპროექტის თანადაფინანსებას, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობას და სხვ.

საექსპორტო პროდუქცია და ინვესტიციები. წარსულში, გურიის რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უდიდესი ნაწილი საექსპორტოდ იყო განკუთვნილი. მთავარ საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენდა ჩაი და ციტრუსი, ასევე სხვადასხვა სახის ხილის წვენები, ეთერზეთოვანი და ცხიმზეთოვანი მცენარეები და სხვ. დღესდღეობით, სასოფლო–სამეურნეო საექსპორტო პროდუქციის წარმოება უკიდურესად შემცირებულია. მაგალითად, ჩაის წარმოება არ აღემატება ათას ტონას, საიდანაც 200 ტონა მწვანე და შავი ბაიხის ჩაი იყიდება უკრაინასა და უზბეკეთში. ევროპის ქვეყნებისათვის განკუთვნილი საქონელი აკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნებს და სტანდარტებს, თუმცა, ასეთი სტანდარტის საქონლის წილი საკმაოდ დაბალია. უმეტესად, პროდუქცია მზადდება მოძველებული მანქანა-დანადგარებით, განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის (თუმცა, ჩაის შემთხვევაში, ადგილობრივ პროდუქციას ადგილობრივი ბაზრის მხოლოდ 15-20% უჭირავს) და ამ საქონლის კონკურენტუნარიანობა დაბალია. არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ციტრუსის გასაღების მხრივაც, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი გადის ექსპორტზე: დაახლ. 1000 ტონა უკრაინაში, 500 ტონა აზერბაიჯანში და 200 ტონა სომხეთში. ბოლო პერიოდში, ვითარდება თხილის საექსპორტო პროდუქციის წარმოება. რეგიონში მიღებული თხილის მოსავალი, 6 ათას ტონაზე მეტი, თითქმის მთლიანად საექსპორტოდაა განკუთვნილი. წარმოებული პროდუქცია იგზავნება ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანია, ჩეხეთი და სხვ.), ერაყში და სხვ.

სურსათის უვნებლობა. მცენარეთა დაცვის სფეროში რეგიონში ხორციელდება საკარანტინო ღონისძიებები სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ფინანსდება განსაკუთრებით საშიში საკარანტინო მავნებლის, ამერიკული თეთრი პეპელას წინაღმდეგ ბიოლოგიური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები. პერიოდულად წარმოებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარული მონიტორინგი, დიაგნოსტიკა, მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება. ხორციელდება კარანტინს დაქვემდებარებული საექსპორტო პროდუქციის ფიტოსანიტარული საკარანტინო შემოწმება და ფიტოსანიტარული სერთიფიკატის გაცემა. ვეტერინარიის დარგში მიმდინარეობს ცხოველების განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებები. მიმდინარეობს თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები, ხორციელდება კერძო ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა და სერთიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მიმდინარე მონიტორინგის პროგრამით, ხორციელდება სასმელი წყლისა და კვების პროდუქტების შესყიდვა და კვლევა. სურსათის უვნებლობის მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს რეგიონში არსებული საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებას.

X