ბახმარო

ბახმარო მეტად თავისებური, უნიკალური კურორტია. ის მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა- გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. ჩოხატაურის ცენტრიდან ბახმარო დაშორებულია 52 კილომეტრით. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება.

აღმოსავლეთიდან ბახმაროს დაჰყურებს ლენჭის სერი (2505 მეტრი), რომელსაც მოაგარაკენი ,,მზის ამოსვლის“ მთას ეძახიან და ხშირად ტკბებიან ამ თვალწარმტაცი სანახაობით.

სამხრეთით არმართულია საყორნიასა (2755მ) და ფაფარას (2656 მ)მწვერვალები.

სამხრეთ-დასავლეთით ბახმაროს დაჰყურებს საქასრიას ქედი, პატარა ბახმაროს მწვერვალით, რომელსაც ,,მზის ჩასვლის“ მთასაც უწოდებენ (2250 მ). აქედან, როცა ნათელი ხილვადობაა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახავია ,,მზის ჩაძირვა“ შავ ზღვაში.

დასავლეთის მხრიდან კურორტის ტერიტორია გახსნილია, რაც ხელს უწყობს ხეობაში ზღვის ბრიზების შემოჭრას. ეს კი თავის მხვრივ ხელს უწყობს ზღვისა და მთის კლიმატის საუკეთესო შეხამებას. ზამთარში თოვლის საფარი ძალიან მაღალია (4-5 მ) და რჩება 6 თვემდე. ბახმაროს კლიმატი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აღსანიშნავია, რომ ბახმარო ზამთარშიც მასპინძლობს ტურისტებს.


თითქმის ყველა ისტორიული მასალით მტკიცდება, რომ ბახმაროს აღმომჩენი ხალხია და, კერძოდ, მწყემსები, რომლებმაც პირველებმა გაიკვლიეს გზა მარალმთიანი საზოვრებისაკენ და. მათ შორის, მიაგნეს ბახმაროს, იგი შემდგომში იქცა მუდმივ საზოვრად, ხოლო უფრო გვიან სააგარაკო ადგილად.

ცნობილი ქართველი მწერლის, მოგზაურისა და ეთნოგრაფის თედო სახოკიას აზრით მე-19 საუკუნის დასაწყისში არიან მისული მწყემსები, კერძოდ, მეგრელი მწყემსები, რომლებიც ლაღ საძოვრებზე მიშვებულ პირუტყვს აძოვებდნენ გაზაფხულობით და საცხოვრებლად დროებით კარვებს იყენებდნენ. უკან დაბრუნებული მწყემსები ჰყვებოდნენ ნანახ ადგილებზე, იქაური კლიმატის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე, პირუტყვის პროდუქტიულობაზე. ამან იმედი აღუძრა ციებ-ცხელებით დაავადებულ ადამიანებს და გადაწყვიტეს მომდევნო წელს მწყემსებს გაყოლოდნენ.

ბახმაროში ყოველ წელს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი ტარდება.