ეკლესია-მონასტრები

შემოქმედის მონასტერი


გურიაში საპატიო ადგილი უჭირავს სოფელ შემოქმედს თავისი მდიდარი წარსულით. აქ ძველთაგანვე აღმართულია დიდებული მონასტერი, სადაც ისხდნენ მიტროპოლიტები, ,,შემოქმედელებად“ წოდებულნი.
შემოქმედი ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრზე. თვითონ შემოქმედის მონასტერი, როგორც უმრავლესობა საქართველოს ეკლესია-ტაძრებისა, მაღლობზეა აგებული. სოფელსა და მონასტერს შუაში გიჟმაჟი მთის მდინარე, ბჟუჟი, ჩამოუდის. მდინარის მარჯვენა ნაპირას, გორაკის ძირში არის გამოქვაბული, რომელიც ადრე დაყუდებული ბერების ბინა ყოფილა.
თედო სახოკია იხსენებს: ,,მშვენიერი მდებარეობა აქვს თავად მონასტერს: სამხრეთ-დასავლეთით მოსჩანს ჯუმათის მთა, აღმოსავლეთით – აჭარის მთების მწვერვალნი, დასავლეთ-სამხრეთით – ერთი ნაწილი გურიისა და ფირუზის ფერი შავი ზღვა, რომელზედაც ჩიტების ოდენად მოსჩანს სანდლების გაშლილი აფრები“.
მონასტერი ორი ტაძრისაგან და სამრეკლოსაგან შედგება. მარჯვენა ტაძარი XII საუკუნის ,,ღვთაებაა“, მარცხენა _ XVI საუკუნის ,,ზარზმა“. ორივე ტაძარი ერთმანეთზეა მიშენებული.
შემოქმედის მონასტერი არამარტო გურიაში, მთელ საქართველოში ერთ-ერთ მდიდარ მონასტრად ითვლებოდა. ეს იყო სამარხი ადგილი გურიელთა. აქ დასაფლავებულნი არიან: გურიელი მამია, დედამისი, დედოფალი მარინე, შემოქმედელი ეპისკოპოსები...
გურიელები პატრონობდნენ შემოქმედის მონასტერს და ყოველთვის უხვი შეწირულობით ამდიდრებდნენ მას; აქვე პოვებდნენ უსაფრთხო ადგილს ძვირფასი ჯვარ-ხატები, ქართველების მიერ წამოსვენებულნი მტერთაგან აოხრებული სამცხე-საათაბაგოდან.
შემოქმედში დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი, ანუ საეკლესიო საკითხავებისა და ლოცვების კრებული, და ,,ფუტკარი“, ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგიერთი წმინდანის ცხოვრებათა კრებული. შემოქმედის გულანი 1004 ძალიან სქელ ქაღალდის ფურცელს შეიცავდა.

 

ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია


ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრითაა დაშორებული. ის საკმაოდ მაღალი გორაკის მწვერვალზეა აშენებული. ეკლესიიდან ფართო ჰორიზონტი იშლება.
ჯუმათი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში. იგი ჯუმათელ ეპისკოპოსთა მდიდარი და პატივდებული კათედრა იყო; ჰქონდა დიდძალი უძრავი ქონება და ძვირფასი ხატები. ვახუშტის ცნობით, ,,მთის მაღალსა თხემსა ზედა არს ეკლესია ჯუმათს, დიდი, გუმბათიანი, დიდშენი...ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა“.
ჯუმათის სამონასტრო კომპლექსში შედის განვითარებული შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია, სამრეკლო და სხვა ნაგებობანი. ეკლესიის ინტერიერის ფრესკები XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესიაში ინახებოდა ქართული ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში – წმ. გიორგის XI საუკუნის ოქროს ხატი, რომელიც ეკლესიის გაძარცვის დროს დაიკარგა. ჩარჩოს ფრაგმენტი დაცულია ერმიტაჟში.

 

ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია


სოფელი ლიხაური მდებარეობს ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, აჭარა-გურიის მთების ერთ-ერთ კალთაზე. ლიხაური ისტორიული სოფელია. საყურადღებოა მისი პატარა, მაგრამ ძველისძველი, 1552 წ. კახაბერ გურიელის მიერ აშენებული ეკლესია, წამომართული მაღლობზე, სოფლის შუაგულ ალაგას.
ეკლესიას დასავლეთით მოდგმული აქვს ასევე პატარა სამრეკლო, რომელიც აშენებულია გურიის მთავრის, გიორგი გურიელისა და მისი მეუღლის, ელენეს დროს, 1442 წელს. როგორც ამ სამრეკლოს ხუცური წარწერებიდან ჩანს, ლიხაურს ძველად რეხეული რქმევია.

 

 

აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია



აჭის ეკლესია ხელოვნურად ამაღლებულ ბორცვზეა აგებული, აჭისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ტაძარი შემოსაზღვრულია მაღალი, მტკიცედ ნაგები ქვის გალავნით. სავარაუდოდ, ის ციხესიმაგრის ფუნქციასაც ითავსებდა.
ტაძარი კვადრატული ფორმის დარბაზული ტიპის ნაგებობაა. გარედან შემოსილია თლილი პორფირით და ნიჟარისებრი კირქვით. მისი ფანჯრები და სვეტებიანი ჯვარი აღმოსავლეთის ფასადზე დაფარულია ფაქიზად ნაკეთები ჩუქურთმით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ გურიაში.
ეკლესიის მოცულობა დიდი არ არის. დიმიტრი ბაქრაძე წერს: ,,როდის აშენდა ეკლესია, არ ვიცით; ყოველ შემთხვევაში, ძალზედ ძველად უნდა მივიჩნიოთ მთელს გურიაში. შიგნით სულ დაფარულია ტლანქი ჭრელი მხატვრობით, მეტწილად ბერძნული წარწერებით. მის ფრესკებს შორის მოხსენიებულია ვიღაც ,,ონისიმე ტრაპიზონელი“, ალბათ მხატვარი“.

 

უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი


უდაბნო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების მთის ერთ-ერთ ციცაბო კალთაზე.
უდაბნოში ორი ეკლესიაა. ერთია ძველი, მცირე, კლდეში ნახევრად გამოკვეთილი, რომლის აგების თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით, ეკლესია VI საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. მეორე ეკლესია, უგუმბათო, ვრცელი, დარბაზული ტიპის ნაგებობა, თლილი ქვისგან ყოფილა ნაგები. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აუშენებიათ 1858 წელს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე, არქიმანდრიტ გაბრიელ ტუსკიას (შემდგომში გურიის ეპისკოპოსი) წინამძღვრობის დროს. ახლა მისი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
უდაბნოს ერთ-ერთი წინამძღვარი იყო იოსებ ტუსკია, შემოქმედის გულანის გადამწერი, რომელიც ისტორიულ საბუთებში აღიარებულია ,,ხელმწიფე გურიელის კარის მოძღვრად“ (იგულისხმება მამია IV გურიელი, XVIII ს.) და, ამასთან, ,,საჯუმათლოს მომწყსოდ, ქორეპისკოპოსად"... 
მონასტერს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია "უდაბნოს მრავალთავი", რომელიც 1920 წელს აკაკი შანიძემ აღმოაჩინა. პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნების მიხედვით მას IX საუკუნეს მიაკუთვნებენ და, მეცნიერების აზრით, არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ სინურ მრავალთავს (864 წ.). დიმიტრი ბაქრაძემ მონასტერში აღმოაჩინა სახარების თარგმანები იოანე ოქროპირისა და მეტაფრასი, ანუ წმინდანთა ცხოვრება; ასევე უდაბნოს 29 გუჯარის კრებული. მასში ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავებისა და სხვა სამღვდელოთა თუ ერისკაცთა შემოწირულობანი უდაბნოსადმი. წიგნსაცავში ინახებოდა ძველთაძველი, მდიდრულად შემკული ბაქარისეული ბიბლია (1743 წ.).

 

ჯიხეთის დედათა მონასტერი


ჯიხეთის დედათა მონასტერი ლანჩხუთის რაიონის სოფელ სამება-ჯიხეთში მდებარეობს.
გურიის დედათა მონასტრის დიდებული ტაძარი სახელგანთქმულმა ხუროთმოძღვარმა, ილარიონ მენაბდემ ააგო. ტაძრის მშენებლობა 1895 წელს დასრულდა. მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც.
მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ აქაურ დედებს ათონის იოანე მახარებლის სახელგანთქმულ მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა იონამ, სამება-ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

ერკეთი


ეკლესია მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერკეთში, მდინარე გუბაზეულის მარჯვენა ნაპირზე. ერკეთი ძველად გურული ერისთავების მამული ყოფილა. ერკეთის ეკლესია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზეა აგებული. სავარაუდოდ, მონასტერი თარიღდება X-XI საუკუნეებით. აგების წესითა და ჩუქურთმებით ლიხაურის ეკლესიას ჩამოჰგავს. სამი კარიბჭე აქვს. შიგნით ნათელი საღებავებითაა მოხატული. აქვეა დაცული ერკეთის გულანი, რომლის მინაწერშიც იკითხება: ,,დაიწერა და შემოიწერა წმიდა ესე გულანი ეპისკოპოსობასა ცაიშელ მამათ-მთავრისა მაქსიმესი".