სიახლეები

გიორგი ურუშაძე: ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საწარმოების განვითარებას გურიაში

2022-09-30 16:05:00
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსთან ანდრო ასლანიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბეღლავში ,,წყალი მარგებელის“ ქარხანა დაათვალიერა.
 
,, წყალი მარგებელის" მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხანა უმსხვილესი საწარმოა რეგიონისთვის. აქ წარმოებული მინერალური წყალი ნაბეღლავი წარმოადგენს გურიის ერთგვარ სავიზიტო ბარათს. რეგიონში მსგავსი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის მომტანია და ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საწარმოების განვითარებას გურიაში,“- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.
 
"წყალი მარგებელის" საწარმო სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს და ავსტრიულ კომპანია „რაუხთან“ თანამშრომლობით სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის. საწარმოში 150 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია.