სიახლეები

ანასეულის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

2018-09-13 10:09:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს ადგილზე ეცნობა.

დღეს, მაია ცქიტიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოადგილეებთან, მაჟორიტარ დეპუტატ არჩილ თალაკვაძესთან და გურიის გუბერნატორთან ზურაბ ნასარაიასთან ერთად, ანასეულის წყალმომარაგების საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ანასეულს წყალი უკვე მრავალი წელია შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება, მოძველებულია ინფრასტრუქტურა და დიდია სასმელი წყლის დანაკარგიც. 
ამ ეტაპზე მომზადებულია პროექტი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის საპროექტო მომსახურებაზე. პროექტი ითვალისწინებს ახალი სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილების, სატუმბი სადგურისა და ქსელის მოწყობას, ასევე 700 -მდე ოჯახის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს და სავარაუდო ღირებულება 3 მილიონი ლარია.
შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა, 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. 
სამუშაოების დაწყება მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება.
გურიის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის პროექტები.

წელს დასრულდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის წყალსადენის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც 3300 ადამიანი წყალს გრაფიკის გარეშე მიიღებს, ურეკში კი გრძელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ასევე -გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ეს სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და ურეკს ექნება ახალი, გამართული ინფრასტრუქტურა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა და იქ ჩასული ტურისტები ისარგებლებენ.