სიახლეები

გუბერნატორმა ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

2018-09-13 10:15:00

გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, დღეს ოზურგეთში, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

„ მოვინახულე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა. ახალი მუზეუმის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება. აქ შესაძლებელი იქნება სიმღერების ჩაწერა და დაარქივება. შესაძლებელი იქნება ტურისტების და დაინტერესებული ადამიანების მიღებაც. გავეცანი სოფლებში გზის მოწესრიგებისა და სოფელ ჭანიეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოებს. 90 ბავშვზე გათვლილი ახალი შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისასალმებელია, რომ რეგიონში მიმდინარეობს არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაო და მოსახლეობაც კმაყოფილებას გამოხატავს“- განაცხადა გუბერნატორმა.