სიახლეები

გუბერნატორმა პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“ დაათვალიერა

2018-09-13 10:45:00

გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია დღეს პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ იმყოფებოდა, შეხვდა კოლეჯის ადმინისტრაციას და სასწავლო გარემო დაათვალიერა.

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებით კოლეჯის ლაბორატორიები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა და ახალი სასწავლო წლიდან მზარეულის, სამკერვალო წარმოების, ელექტრიკოსის, სტილისტის და ბართენდერის ჯგუფების სტუდები, განახლებული პროგრამებით და გადაიარაღებული სახელოსნოებით დაიწყებენ სწავლებას.

„გუბერნატორს გავაცანით კოლეჯში მიმდინარე პროცესები და ის ახალი გამოწვევები, რომლებიც პროფესიული განათლების წინაშე დგას რეგიონში. მან გამოთქვა მზაობა დაეხმაროს კოლეჯს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში, სხვადასხვა ქვეყნის პროფესიულ სასწავლებლებთან, რომლის ძირითადი მიზანი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება იქნება“ - განაცხადა კოლეჯის დირექტორმა, ნანა ჯოლიამ.

„მოხარული ვარ, რომ ოზურგეთში არსებობს ასეთი მაღალი სტანდარტების პროფესიული სასწავლებელი, სადაც სტუდენტებს რეალურად შეუძლიათ მიიღონ ცოდნა და შეიძინონ ის პრაქტიკული უნარები, რომელიც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ წარმატებულ დასაქმებას. ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ მზადყოფნას ხელი შევუწყოთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ამ მიზნით ვაპირებთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას “ - აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.