პროექტი -“მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“
ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) ახორციელებს პროექტს “მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“, რომლის მიზანია ხარისხიანი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტებით მოცულობის და ღირებულების ზრდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ორგანიზაციის წარმომადგენელს თეონა ფურცხვანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის, 10-დან 40 სკის მფლობელ მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ უფასო თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი (7 სალექციო დღე), რეგიონებში მოღვაწე მოწინავე მეფუტკრეების საწარმოებში, მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტების მიერ შედგენილი მეფუტკრეობის სახელმძღვანელოს მიხედვით და სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში, რომელიც გამოცხადდება მიმდინარე წლის ბოლოს. სასწავლო კურსი დაიწყება 24 სექტემბერს. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.
შეხვედრას დაესწრნენ გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი თეა კუპრაძე.