სიახლეები

სამუშაო შეხვედრა გურიის გუბერნიაში

2018-09-14 10:45:00

“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო” პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III “ ფარგლებში, განაგრძობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს.

პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები და მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-ს თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ამჯერად გურიის რეგიონში შეხვდნენ, გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას, გუბერნატორის მოადგილეებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონისთვის პრიორიტეტული საკითხები და დასუფთავების კუთხით დაგეგმილი ღონიძიებები.

წელს, მსოფლიოს მასშტაბით დასუფთავების აქციები ორი კამპანიის ფარგლებში „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (15-16 სექტემბერი) და „მსოფლიო დასუფთავების დღე“ (15 სექტემბერი, Let,s Do It World) იმართება.

საქართველოში, მსოფლიო კამპანიის პარალელურად ტარდება „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია, რომელსაც ორგანიზებას უწევს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

რეგიონში დაგეგმილი დასუფთავების აქციის ორგანიზებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაუწევს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორები. აღსანიშნავია, ისიც რომ პროექტის განმახორციელებელმა კონსორციუმმა აქტიური მონაწილეობა მიიღო „ნარჩენების მართვის კოდექსის“ და მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმების შემუშავების პროცესში, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტებს გაეზარდათ ბიუჯეტში კომუნალური მომსახურების დაფინანსება.

კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ტარდება პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.