ოზურგეთში წყალმომარაგების კუთხით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ზაზა სიხარულიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთში ის ქუჩები მოინახულეს, სადაც მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთის შიდა ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებას ეტაპობრივად ახორციელბს. მიმდინარე წელს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა გორკისა და ლანჩხუთის ქუჩებზე, რის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსახლეობის სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი. ასევე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება ინგოროყვას ქუჩაზე, ხოლო უახლოეს დღეებში დაგეგმილია კიდევ ერთი, შევარდნაძის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყება. წელს ასევე დასრულდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც 3000-ზე მეტი ადამიანი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.