გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გურიის რეგიონში გრძელდება. დღეს, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, მოადგილესთან გიორგი თურმანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა. შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს, ძლიერი ქარის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 284 სახლი დაზიანდა, 55 საცხოვრებელი სახლი სრულად გადაიხურება, დასრულდა 20 - მდე სახლის გადახურვა. ხოლო დანარჩენი დაზიანებული სახლებისთვის გამოყოფილია საჭირო სამშენებლო მასალა. გარდა ამისა, შეკეთდა შუხუთისა და ქალაქის მეორე საჯარო სკოლების სახურავები, სრულად დაიხურა სოფელ ნიგოითის ამბულატორია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანდა 100 - მდე სახლის სახურავი. 88 ოჯახს უკვე გადაეცა სამშენებლო მასალა, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო. აღნიშნული სამუშაოები აქტიურად გრძელდება და უახლოეს დღეებში დასრულდება.