სიახლეები

ოზურგეთში ფორუმი ,,ქალები გურიისთვის” გაიმართა

2018-12-24 15:44:00

სასტუმრო “პარაგრაფში”, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალი წევრების მარიკა ჩხიკვიშვილის, ხათუნა ცერცვაძის, ქეთევან ვასაძის ინიციატივით და გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან პარტნიორობით “მეწარმე ქალთა ფორუმი” გაიმართა. ასევე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის მხარდაჭერით, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

პროექტი - “მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი” გურიის რეგიონის მასშტაბით, მცირე და საშუალო ბიზნესში, ასევე ხალხური რეწვით დაინტერესებული ქალების გაძლიერებას, ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობას, ერთიანი ქსელის შექმნასა და რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის, ბიზნესის დაფინანსების, რეგულაციებისა და სიახლეების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.
ღონისძიებაზე ქალ მეწარმეებს საშუალება მიეცათ ინფორმაცია მიეღოთ დაფინანსებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ, ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა - „აწარმოე საქართველოში“, “ევროპის ფონდი”, სავაჭრო პალატა, გლობალ ბენეფიტ ჯორჯია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და სხვა. ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია მეწარმეებისთვის აქტუალურ საკითხებზე.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ცენტრალური და რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების - NDI, SIDA და M4EG წარმომადგენლებმა, წარმატებულმა მეწარმე ქალბატონებმა და ექსპერტებმა. 
გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია - „ჩემთვის დიდი პატივია წარვსდგე თქვენ წინაშე და ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან პროექტზე - „მეწარმე ქალთა ბიზნესს ფორუმი“, რომლის იდეაც ეკუთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალ წევრებს . მინდა მადლიერება გამოვხატო საკრებულოს წევრებისა და ფორუმის ორგანიზატორების მიმართ ამ არაჩვეულებრივი ღონისძიების მოწყობისთვის. მიუხედავად მრავალი წინგადადგმული ნაბიჯებისა გურიის რეგიონში, სოციალური ფონი ჯერ კიდევ დაბალია და მსგავს საკითხზე პროექტის განხორციელება ჩვენთვის კიდევ მეტად მნიშვნელოვანია. ქალის ჩართვა ბიზნეს საქმიანობაში განაპირობებს მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, გახდის უფრო ქმედითს და აქტიურს. ასევე, მათ აუმაღლებს მოტივაციას, რათა შეიძინონ ახალი უნარები, გაზრდის მათ უფლებამოსილებას და მეორეს მხრივ, გენდერულ პოლიტიკაში პროექტის განხორციელება უფრო დიდ როლს შეასრულებს. მინდა ჩვენს წარმატებულ მეწარმე ქალბატონებს მადლობა გადავუხადო აქტიურობისთვის და ვუსურვო წარმატებები”.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ქვეყანაში ქალთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათეა ყოველთვის მიესალმება და მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტებში მსგავსი აქტივობების განხორციელებას.

ნათია ღვინაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გენდერული თანასწორობის მიმართულებით ორგანიზაციის როლზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული კუთხით ასოციაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციისათვის, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება და გაძლიერება. სწორედ იმ მიზნით, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდაჭერის ძალიან მკაფიოდ დაფიქსირება, გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ორგანიზაციის პრეზიდენტის-კახა კალაძის მხარდაჭერით, ასევე ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტის, ევროსაბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის - თამარ ტალიაშვილის დიდი მონდომებით, დავიწყეთ აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა: კერძოდ, ჩვენი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ შეიქმნა პლატფორმა, რომლის მიზანსაც თვითმმართველობებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხების კოორდინაცია წარმოადგენს და თავის მხრივ არა ერთ მიმართულებას მოიცავს. ასევე, დაარსდა გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერების მიმართულებით და ცხადია, ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი გენდერული მიმართულებით ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას“- ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნათია ღვინაშვილი.

ღონისძიებას გურიის რეგიონის წარმატებულ მეწარმე ქალბატონებთან ერთად დაესწრნენ გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, სამივე მუნიციპალიტეტის მერები, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს, დაფუძნდა პლატფორმა „ქალები გურიისთვის“, რომლიც ქალების გაძლიერებითა და ჩართულობით, გურიის რეგიონიში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.